კობახიძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამწუხაროა, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ხელისუფლებისა და, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, მაშინ, როცა მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ურთულეს ვითარებაშიც დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და სახელმწიფო ეროვნული ინტერესები.


„აუცილებლად შევეხები ერთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის სანქციები და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია.

როდესაც შენ სხვას ვერ უქმნი პრობლემას სანქციებით, პირიქით, მხოლოდ საკუთარ ხალხს აყენებ უმძიმეს მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა არის გაუმართლებელი.

სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ყველას კარგად ესმის, რომ სამწუხაროდ, ამ საკითხსაც ჩვენი ოპონენტები სპეკულაციებისთვის იყენებენ. ამ ურთულეს ვითარებაში ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და სახელმწიფო ეროვნული ინტერესები.

სამწუხაროა, რომ ამ ფონზე, ძალინ მძიმე ბინძური კამპანია წარმოებს ხელისუფლებისა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც ყველა უნდა იყოს გაერთიანებული, ჩვენ ვხედავთ ასეთ მძიმე კამპანიას და ამის ავტორები არიან ადამიანები, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიები თავის დროზე რუსეთს, გადასცეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რუსეთს და პირდაპირ ვიტყვი, სურთ 2008 წლის განმეორება ჩვენ ქვეყანაში.

თითოეული მათი პროვოკაცია მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, შულავერის კომიტეტი, ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, ამას ექნება სათანადო პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას და იდგება ჩვენი უსაფრთხოების, სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.