ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ლომაშვილთან ამერიკიდან

ყველასთვის ცნობილი და მონატრებული არტისტი, პაროდიის თეატრის მსახიობი და „მაჩაბელის“ სახელობის მოზარდთა თეატრის რეჟისორი მამუკა ლომაშვილი „კორესპონდენტის“ რუბრიკის სტუმარია.

როგორც ცნობილია მამუკა 1 წელია რაც  შეერთებულ შტატებში აგრძელებს ცხოვრებას. ემიგრაციაში წასვლის მიზეზზე და სირთულეებზე ის კორესპონდენტთან ინტერვიუში საუბრობს:

  • გამარჯობათ. რას საქმიანობთ ამჟამად და რამ განაპირობა თქვენი ემიგრაციაში წასვლა?

– ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ მიდის ადამიანი ემიგრაციაში. ჩემს შემთხვევაში ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი და ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს შეიძლებოდა სხვა ქვეყანაში მეცხოვრა. ამასთან ერთად ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. სიმართლე გითხრათ საკუთარი თავი, ამდენად ძლიერი არ წარმომედგინა, რამდენადაც აღმოვჩნდი. წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სამშობლოში გაუსაძლისი ფიზიკური და მატერიალური კატასტროფა დადგა. ძალიან რთული სიტუაციაა ქვეყანაში, რომ ვუყურებ ყველა გაქცევაზეა. დეპუტატებისა და სახელმწიფო მუშაკების გარდა ვინღა რჩება საქართველოში?! მით უმეტეს როდესაც ხელოვანი ადამიანი ხარ, აკეთებ შენ საქმეს და ეს არ გიფასდება, იძულებული ხდები რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო . განა რამდენი კინკილა ვართ ესტრადის მსახიობები?  და ისიც სალაპარაკო გახდა.  ეს ჟანრი საქართველოში კვდება. ქვეყანაში არაფერი იგეგმება, კონცერტი არ გაქვს, სპექტაკლი არ გაქვს, ხელფასი არ გაქვს,  რა უნდა ქნა? – ამდენი ხნის მანძილზე   კიდევ დამოუკიდებლად რაღაცას ვახერხებდი, სტუდენტობიდან მოყოლებული ვმუშაობდი, მქონდა სტუდიები, თეატრები და ა.შ  და საბოლოოდ დავრჩით უფუნქციოდ.  დაახლოებით 1 წლის წინ მივხვდი რომ ქვეყანაში უკვე გაუსაძლისი სიტუაცია იყო და უნდა წამოვსულიყავი. როდემდე შეიძლებოდა სხვის კმაყოფაზე ყოფნა? უხეშად რომ ვთქვა ესტრადის მსახიობები საერთოდ ფეხებზე დაგვიკიდეს, არავის აინტერესებდა  ვინ რას წარმოადგენდა და ვინ რას აკეთებდა.

  • რა სირთულეების გავლა და რისი გადალახვა მოგიწიათ ემიგრაციის გზაზე?

-ძალიან ბევრი სირთულე იყო. ეხლა მე, რომ თქვენთან ვსაუბრობ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიჭირს, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობ თავის ხელში აყვანას. ის მამუკა ლომაშვილი რომელიც ადრე იყო, აქ ის აღარ ვარ. დავბლოკე ის მამუკა ჩემში. სხვაგვარად აქ არ შეიძლებოდა. არავინ თქვას რომ ემიგრაციაში ყოფნა ფუფუნებაა.  რთულია როდესაც ოჯახს შორდები, მიდიხარ მათგან ძალიან შორს, მით უმეტეს როდესაც მცირე წლოვანი შვილი გყავს. თან ჩვენ განსხვავებული და განსაკუთრებული მამა-შვილობა გვაქვს. ძალიან ვიყავით ერთმანეთზე დამოკიდებულები. დღესაც,ყოველ ჯერზე როცა ვრეკავ, თავისი კალენდარი აქვს სადაც დღეებს ხაზავს და ითვლის როდის ჩავალ. ძალიან რთული თემაა.    აბსოლიტურად სხვა სიტუაციიდან რადიკალურად სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვიტყვი იმას, რომ ძალიან გამიმართლა, ამერიკის არსებობაში და იმაში რომ სწორედ ამ ქვეყანაში ვარ. სხვანაირად განვითარებული ქვეყანაა, სხვა შესაძლებლობებით. სულ რომ არაფერს წარმოადგენდე, ის მაინც იცი, რომ შენი შრომა დაფასდება. წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, შენ სხვა ქვეყანაში იქნები და ქირით იცხოვრებო, ჩემთვის წარმოუდგენელი იქნებოდა.

  • ამერიკაში თუ გაქვთ ხელოვნებასთან შეხება?

მყავს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც მხატვრულ კითხვას, პროზას, ლექსებს და სამსახიობო ოსტატობას ვასწავლი. ამ მხრივ რაღაც შეხება ხელოვნებასთან აქაც დავიტოვე. ამასთან ერთად ინდივიდუალური ლექციები და ძალიან საინტერესო საუბრები მაქვს აქ მყოფ ახალგაზრდებთან.მაჩაბელას თატრში, რომელიც საქართველოში კვლავ ჩვეულებრივად ფუნქციონირებს იქაც ონლაინ ლექციებს ვკითხულობ. ასე, რომ ხელოვნებას მთლად გამოთიშული არ ვარ.

  • რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ახალგაზრდებს ემიგრაციაში წასვლა არ მოუწიოთ?

რომ ვუკვირდები ემიგრაციაში ძალიან ბევრი  შემდგარი ადამიანი მოდის, რომელსაც თავისი სახელი, ავტორიტეტი, ისტორია და რეპუტაცია უკვე შექმნილი ქონდათ სამშობლოში. მაგრამ ზოგადად საქართველოში ხომ შრომა არ ფასობს?!. მე მარტო მსახიობებზე არ მაქ საუბარი, სხვა უამრავი ბიზნესმენი და პროფესორი ვიცი, საზღვარგარეთ გადახვეწილი.

  • პრობლემა ვისშია ან რაშია?

-მე ვიტყოდი რომ პრობლემა ჩვენს განათლებაში და შეგნებაშია. იმის გამო რომ ვიღაცამ ვიღაც ასიამოვნოს, ვერ გამოდის და თავის სათქმელს ხმამაღლა ვერ ამბობს. სწორედ  ეს არის მონობა! როგორ შეიძლება ვიღაცის ან რაღაცის გამო, არა მოსაწონი საქციელი გაუმართლო ხელისუფლებას?!  ქვეყანას ხელისუფლების „გამპრავებელი“ ხალხი ღუპავს. უამრავი პრეტენზია და უკმაყოფილება იწერება ხელისუფლების მიმართ და როგორ დავიჯერო რომ ამ ქვეყანას ვინმე პატრონი არ ყავს? ეს ხალხიც  თავის სუბიექტურ აზრს ხმამაღლა ვერ იძახის. მაგალითს გეტყვით: ტრანსპორტის გაზრდილ გადასახადზე – ვიღაცამ, ვიღაცას ხელი რომ დააფაროს მოდის და მეუბნება – “უი რა კარგია, მე არ მეხება რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს”, “მე პენსიონერი ვარ და მე არ მაინტერესებს” და მე თქვენ გეკითხებით ვისი ბრალია ეს? – თუ არა ხალხის. მე არ მესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ერთმანეთის ცუდს ხედავენ და მხოლოდ წარსულის გარჩევა მიდის. უბრალოდ ამაზრზენია. ჩვენი დამღუპველი არის სიყალბე,  ვაზელინობა და ძვლის მლოკველობა. ლოდინი იმის ძვალს როდის გადმოგვიგდებენ. თუმცა შეიძლება ისე გავიდეს მთელი ცხოვრება, რომ ეს ძვალი არავის ეღირსოს. ღირსება ძალიან მაგარი რაღაცაა, რაც ყველამ კბილებით უნდა დაიცვას. მე დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ახალი თაობა ამ ყველაფერს შეცვლის.

მე მესმის ხალხის. მესმის რატომ არიან გაქცევაზე. ქვეყანაში იმედი და პერსპექტივა არ ჩანს. ერთნაირ, უიმედო რუტინაშია საზოგადოება. რაც არასტაბილურ ცხოვრებას ქმნის. ცხოვრება მხოლოდ ის ხომ არაა, რომ პირუტყვივით მხოლოდ საჭმელი ჭამოთ? ათასი ხარჯი გაქვს ადამიანს, რომელსაც საქართველოშ ვერ აუხვალ . ამ ყველაფრის ფონზე, მაინტერესებს რით ვერ გაძღნენ ეს მაღალი თანამდებობის პირები? ეს „გოიმ ბანდა“ საიდან მოვიდა? თან ვის ხარჯზე?- ისევ საწყალი და გაუბედურებული ხალხის ხარჯზე შოულობენ ამ ფულს.უკვე ვეღარ ხვდებიან ბევრი ფული სად წაიღონ. რო ვერ ძღებიან ეგ არ მესმის. მე ეს ემოციები მაწუხებს, იმიტომ რომ უამრავი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი მყავს მანდ, უამრავი სტუდენტი, ისინიც ჩემი შვილები არიან. მათზე შემტკივა გული და მინდა კარგი მომავალი ქონდეთ. იმათ ვისაც სამშობლოს მომავალი არ აინტერესებს ყველა ყალბი, მლიქვნელი და ქლესაა. მე პიროვნულად არავის ვეხები და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ვიღაცამ ხომ უნდა შემოუძახოს ამ ხალხს.ამდენმა ხელისუფლების ცვალებადობამ მაინც არაფერი მოგვიტანა. ყველა გოიმი ყავთ გარშემო შეკრებილები, რომ ადვილად მართონ.

  • სამომავლო გეგმებზეც გკითხავთ…

-იცით, სამომავლო გეგმებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მეთვითონაც არ ვიცი რა იქნება. ჯერ აქ არ ვარ ისე დალაგებული რომ სამომავლო გეგმებზე ვიფიქრო.  აქ ისეთი სიტუაციაა დღეს რომ დაიძინებ, ხვალ შეიძლება სულ სხვა რეალობაში გაიღვიძო. ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად არანაირი ნოსტალგია არ მაქვს საქართველოზე. მანდ იმდენად დიდი კატასტროფაა რომ მე ნოსტალგია არ გამაჩნია, თუ არ ჩავთვლით ოჯახის მონატრებას.  ეს ძალიან ცუდია. ეს ცხოვრება ბევრი ფულის მოხვეჭა და ტყეების შემოერთება არ არის.მაგრამ სამწუხაროდ ხალხს ეს რეალობა მოსწონს. მე თამამად და ამაყად შემიძლია ვთქვა რომ საქართველოს ეგ ცხოვრება არ ამირჩევია, არც საქართველოს ხელისუფლებაა ჩემი არჩევანი. თუმცა,  არ დაგიალავთ და გეტყვით, რომ ვგულშემატკივრობდი ყველა მოსულ ახალ ძალას, იმ იმედით რომ ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთოს გააკეთებდნენ,  მათ შორის კალაძეს და ღარიბაშვილსაც, მაგრამ რა გააკეთეს? გარდა იმისა რომ ყველაფერს ფასი მოუმატეს და ყველაფერიდან ლამის 300% მოგებაზე გადიან. კი ბატონო, შენთვისაც აკეთე, ჩაჩაჩული და გაღატაკებული ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები და პირველი პირები არ მჭირდება, მაგრამ ცოტა ხალხსაც მიაქციე ყურადღება. რასაც აკეთებ ის საქმე გიყვარდეს და აკეთე პატიოსნად. აქ უკვე ადამიანური ფაქტორია,  როცა ყველაფერს არა კეთილსინდისიერად აკეთებ უკვე ყველა ხვდება რომ პატარა ადამიანი ხარ დიდ თანამდებობაზე. პიროვნულად და კონკრეტულად არავის ვეხები, თუმცა ფაქტი ფაქტია და რასაც ვფიქრობ პირდაპირ ვლაპარაკობ.

  • როგორ საქართველოს ისურვებდით?

იცით როგორ საქართველოს ვისურვებდი?!- ბედნიერი ხალხით სავსეს, ფერადი ტანსაცმლით, გაღიმებული და გალაღებული ხალხი რომ დადიოდეს ქუჩაში. ერთმანეთის დანახვა რომ უხაროდეთ, ყველა წასული ემიგრანტი რომ მშვიდად საკუთარ ოჯახში დაბრუნებულიყოს. ბედნიერი ხალხის მეტი არაფერი მინდა. როდესაც ადამიანი ბედნიერია ეს იმას ნიშნავს რომ მას სამსახურში წასვლაც უხარია, ხელფასიც კარგი აქვს, შრომაც უფასდება და ნაკლები პრობლემაც აქვს გარშემო… ამ ბედნიერებას ვუსურვებ ყველას…