გენერალი გიორგი კალანდაძე უკვე 4 კვირაზე მეტია, გერმანიაში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. გერმანულმა გაზეთმა BILD-მა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
როგორც გამოცემა იტყობინება, ბრანდენბურგის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ იანვრის დასაწყისში დაადასტურა, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ქართველი გენერლის საქართველოზე გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
BILD-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველი გენერალი ამბობს:
„მე ვარ რუსეთის ძებნილთა სიაში, რადგან ვაქტიურობდი, როგორც გენერალი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინაში“.
BILD წერს, რომ ქართულმა სასამართლომ კალანდაძის ჩხრეკისა და დაკავების ორდერი 2015 წელს გასცა. თუმცა, აქამდე გენერალი შეუფერხებლად მოგზაურობდა – ის ოქტომბერში, ნოემბერში და ბოლოს 2021 წლის 16 დეკემბერს ჩავიდა გერმანიაში. ყოველ ჯერზე უპრობლემოდ, თუმცა ბოლო ვიზიტისას დააკავეს.
ამასთან როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა წერს, მოსკოვში ნატოს სამხედრო სამეკავშირეო მისიის შტაბის ყოფილი უფროსი და აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარი კაპიტანი იური ტაბახი კალანდაძის საქმეზე საუბრისას აღნიშნავს:
„თუ მას საქართველოში გადასცემენ, მას აწამებენ და მოკლავენ იქ. პუტინი მოვა შენთან, თუ იგრძნობს, რომ მის წინააღმდეგ რაიმეს აკეთებ მისთვის გიორგი კალანდაძე პირადი მტერია“,- ამბობს ამერიკელ კაპიტანი ქართველი გენერლის საქმეზე.