მეზობელ ქვეყნებში უკრაინიდან 520 000 ლტოლვილი იმყოფება

ფილიპო გრანდიმ, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა (UNHCRl) განაცხადა, რომ ამჟამად მეზობელ ქვეყნებში უკრაინიდან 520 000 ლტოლვილი იმყოფება და ეს მაჩვენებელი საათობრივად იზრდება.
მისი თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში იშვიათად უნახავს ხალხის ასეთი წარმოუდგენლად სწრაფად მზარდი გასვლა.


„280 000-ზე მეტი გაიქცა პოლონეთში. კიდევ 94 000 – უნგრეთში, თითქმის 40 000 ამჟამად მოლდოვაშია, რუმინეთში 34 000 ადამიანია, სლოვაკეთში – 30 000, ხოლო ათიათასობით ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში წავიდა“, – აღნიშნა ფილიპო გრანდიმ.
მისი თქმით, ამ დროისთვის რისკის დონე იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელია დახმარების სისტემატური განაწილება.