თორნტონი: მთავრობამ უნდა აირჩიოს ივანიშვილის დაცვა თუ დემოკრატია

კორესპონდენტი გთავაზობთ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორის და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მოკლე ინტერვიუს:

ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი პოზიტიური განცხადებები გვესმის. რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება და რამდენად სარისკო გგონიათ ასეთი კომენტარების გაკეთება რუსეთის მხრიდან?

ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდობიან, მას განავცრობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.

პოლიანსკიმ თქვა, რომ უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა იგივე შეცდომას უშვებს, რაც საქართველომ 2008 წელს დაუშვა, რამდენად მსგავსია რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდა ამ ორ ქვეყანაში, არამხოლოდ ომის, არამედ სხვა მიმართულებითაც და რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით?

– რუსეთი პირდაპირ ტყუილს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი საქციელი გაამართლოს. ასე რომ, თუ მათ შეუძლიათ, რომ მცდარი პარალელები გაავლონ საქართველოსა და უკრაინას შორის და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო და უკრაინა არიან მათი მისამართით აგრესორები, ასეც იზამენ.

ისინი ჩაეჭიდებიან მცირე კვლევას, რომელიც იტყვის, რომ პირველი გასროლა მოხდა… ხომ ხვდებით, ისინი ჩაეჭიდებიან რაღაც მარცვალს და ამას განავცრობენ. ვფიქრობ, ეს მათი სახელმძღვანელოა – რომ ისინი არიან მსხვერპლი, რომ იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას, რომ გენოციდის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ერთსადაიმავეს ამბობდნენ საქართველოშიც და უკრაინაშიც, და სავარაუდოდ, ამას მომავალშიც გამოიყენებენ.

რამდენად ჭკვიანური და უსაფრთხოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი უკვე მე-6 თვეა გრძელდება?

– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები?

როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.

– საქართველოზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, მის შუაგულში კი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია მოქცეული. მთავრობის წევრები, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი კამპანიაა სოციალურ ქსელებშიც, ამბობენ, რომ ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ა.შ. რას ფიქრობთ ამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის?

კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა და ფიქრობთ თუ არა, რომ ის ახლა უფრო წარმატებული და უფრო აგრესიულია, ვიდრე აქამდე იყო?

მე ვაკვირდები იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს და გვერდი აუაროს აკრძალვებს [სანქციებს]. მაგალითად RT და Sputnik (რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები), ევროკავშირში აკრძალულია. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი გზები იმისა, თუ როგორ მოახერხა რუსულმა დეზინფორმაციამ და თავი აარიდა ყველა ამ აკრძალვას.

ვიხილეთ ასევე, როგორ იყენებენ ესპანურ ენას, რომ ფოკუსირდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე, თუმცა, ასევე ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსული დეზინფორმაცია ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა. ისინი ე.წ “მიმებზე” მუშაობენ, ვიდეოებს აკეთებენ, არიან “ინსტაგრამსა” და “ტიკტოკზე”. ამ ყველაფერს ძალიან გასართობ, მხიარულ სახეს აძლევენ და ხალხის გულის მოგებაზე, მის იუმორზე მუშაობენ. ასევე ვხედავთ, რომ მათ ისევ აქვთ საშუალება ჩაერიონ ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას, იქნება ეს დიდი სატელევიზიო არხები, ე.წ “სასარგებლო იდიოტები”, ბოტები, თუ ჭკვიანური მედია საიტები, ფაქტია, რომ ისინი ძალიან დაიხვეწნენ. ამან ძალიან გამაკვირვა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მათ არაეთიკური, საშინელი ომი წამოიწყეს უკრაინაში, მაინც შეუძლიათ, რომ დრო მონახონ და ყველა ეთერში მოხვდნენ.