საქართველოში გენდერული დისბალანსის გამო არაერთი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული. მათ შორის სპორტშიც. რომელიც, თითქოს ქალისა და მამაკაცის სახეობებად იყოფა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ფიზიკური მონაცემების მხრივ ზოგიერთ დარგში ქალის ადგილი არ მოიძებნება. მათ შორისაა – რაგბი.
სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე და სპორტში ქალების მნიშვნელობაზე – საქართველოს შვიდქალას ეროვნული ნაკრების წევრები: ირმა გულიაშვილი, მანონი საღარაძე და ანა კაპანაძე კორესპოდენტთან საუბრობენ.

ირმა გულიაშვილი – დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როდესაც რაგბით დავინტერესდი. ყოველთვის მომწონდა ეს სპორტი. თავდაპირველად ჩემს ძმას დავყვებოდი თამაშებზე, ვესწრებოდი ვარჯიშებს და ვიყავი დიდი გულშემატკივარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე რაგბის ქალთა გუნდი, გავესაუბრე გოგოებს და წავედი ვარჯიშზე. ჩემდა გასაკვირად, გუნდმა ძალიან თბილად მიმიღო, ვგრძნობდი თითოეული მათგანის გვერდში დგომას და გულშემატკივრობას. ამის შემდეგ რაგბი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სტერეოტიპები, რომლებიც დიდი ხნის წინ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, ვფიქრობ არასამართლიანია. იყო დრო როდესაც მეუხერხულებოდა, ვინმესთვის მეთქვა, რომ რაგბისტი ვიყავი, რადგან ამას უამრავი უხერხული კითხვები, გაკვირვება და ირონია მოსდევდა. ხშირად იყო დამაკნინებელი რეპლიკებიც: რა გინდა რაგბში; ვის გაუგია ქალი სპორტში; რა გინდა მანდ – წამოდი და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანებმა არ იციან რა არის სპორტი, მათ გონიათ, რომ რაგბი ფიზიკურ ტკივილთან, უხეშობასთან და აგრესიასთან ასოცირდება. რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა. რაგბის თამაში უამრავ ცხოვრებისეულ სირთულეებთან განმკლავებას გვასწავლის. გვასწავლის ურთიერთობას, საკუთარი ემოციების მართვას, ნებისყოფის გამომუშავებას და ძალების სწორად გადანაწილებას. საბოლოოდ კი ბრძოლისუნარიანს გვხდის. რაგბს არამარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში მოვყავართ. არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ კაცების თამაშია. ვთვლი, რომ რაგბი ქალების თამაშიცაა. შეიძლება ფიზიკური მონაცემებით განვსხვავდებოდეთ, მაგრამ სტრატეგია და სწორი თამაშის ცოდნა, მიდგომები საერთოა.
ხშირად სტერეოტიპულ დამოკიდებულეებზე გული მწყდებოდა, ვნერვიულობდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ჩემი პრობლემა კი არა – საზოგადოების პრობლემა იყო. ამით ისინი მხოლოდ თავიანთ უტაქტობას და უცოდინრობას გამოხატავდნენ. ეს შეიძლება საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობისგან იყო გამოწვეული. დროთა განმავლობაში დაუმსახურებელ რეპლიკებს შევეჩვიე და საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას, ვინმეს თუ დააინტერესებს ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა და დავეხმარო სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მომავალი თაობა და ის გოგოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სპორტით არ მინდა, რომ ვინმეს არასწორი აზრის გამო უარი თქვან ამ საქმეზე. ასევე, ვურჩევდი ყველა მშობელს: “თუ კი თქვენს შვილს სურს რაგბისტობა, ნუ შეხედავთ ამ საკითხს უარყოფითად. ეცადეთ ხელი შეუწყოთ და მათი სურვილის წინააღმდეგ არ წახვიდეთ, რადგან რაგბმა შესაძლოა მთელი ცხოვრების სტრატეგია გასწავლოთ.”

მანონი საღარაძე – მთელი ბავშვობა სპორტით ვიყავი დაინტერესებული, მომწონდა ჯანსაღი და აქტიური ფიზიკური ცხოვრების წესი. აქედან გამომდინარე 2015 წლიდან რაგბის თამაში დავიწყე, მინდოდა საკუთარი ძალების და შესაძლებლობების გამოცდა. რაც შეეხება სტერეოტიპებს თავიდანვე უცნაური დამოკიდებულება იყო საზოგადოებისგან, მაგრამ ძლიერ ადამიანებს ამის უგულვებელყოფა შეუძლიათ, ამიტომ უკვე დიდი ხანია რეპლიკებს და არასწორ კომენტარებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ. მენტალურ და ფიზიკურ განვითარებასთან ერთად რაგბი უამრავ კარგ და დასამახსოვრებელ ემოციებს უკავშირდება.

ანი კაპანაძე – 2017 წლიდან რაგბი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, საყვარელ საქმიანობად და პროფესიად იქცა. თვითონ სპორტი – რაგბის შიდა სამზარეულომ, ვარჯიშებმა, სტრატეგიებმა და ტაქტიკებმა შემაყვარა. გარედან ცოტა სხვანაირად ჩანს, თითქოს მხოლოდ შერკინება და ლელოს დადებაა ჩვენი მიზანი, რეალურად ბევრად უფრო საინტერესო და აზარტულია. სწორედ ამიტომ საზოგადოების აზრს ყურადღებას არ ვაქცევ. რას იტყვის ხალხი – არ მაინტერესებს, რადგან ვაკეთებ იმას რაც მომწონს და რაც ყველაზე მეტად მიყვარს. საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება მათ ცნობიერებაზე და განათლებაზე მეტყველებს.