რაში მოიხმარა კულტურის სააგენტომ თვეში 6000 ლარის ელექტროენერგია

გორის კულტურის სააგენტოში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა საბჭომ ეს ინფორმაცია დაადასტურა. გორის მერიის აღნიშნულ ა(ა)იპ-ში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი დეტალი არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კულტურის სააგენტოს ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები, თუმცა სუს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

არსებული ინფორმაციით, კულტურის სააგენტოში ბიტკოინების გამომუშავების პროცესს გორის ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძე კურირებდა, რომელმაც გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა და საგამოძიებო დაწესებულება დატოვა.

ცნობილი ხდება, რომ კულტურის სააგენტოში ბიტკოინების ქარხანა ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, რა დროსაც ელექტროენერგიის გადასახადმა თვეში 6000 ლარი შეადგინა. ჯამში პანდემიის პერიოდში, როდესაც თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად მუშაობდა, ელექტროენერგიის გადასახადმა 144 000 ლარი შეადგინა, თუმცა რისთვის დაიხარჯა ამ ოდენობის დენი, ამით არავინ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, სააგენტოს წარმომადგენლების და ყოფილი მერის პოზიცია ასეთია. გორის მერიის ამჟამინდელი წარმომადგენლობა არც იმ ფაქტზე საუბრობს, თუ რამ განაპირობა აღნიშნულ უწყებაში, არჩევნების შემდეგ, საკადრო ცვლილებები და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები პირადი განცხადების საფუძველზეა მიღებული. სააგენტო ბოლო 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 2 მლნ 410 ათასი ლარით დაფინანსდა. სულ 4 მლნ 820 ათასი ლარით.