რუსეთი, სპეცსამსახურებისა და საინფრმაციო სააგენტოების საშუალებით, აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. გთავაზობთ რუსული რვაფეხას საცეცებს: საქართველოში, უკრაინაში, მონტენეგროში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და სეპარატისტულ რეგიონებში როგორიცაა: აფხაზეთი, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი.

რუსეთის მიერ ჯარების გაგზავნამ ყაზახეთში, გააქტიურა სავარაუდო ოკუპაციის თემა,რომელზე მუშაობისასაც ყაზახურ მედიაში წავაწყდით ავსტრიის მოქალაქის პატრიკ პოპელის პირდაპირ ჩართვას.
ვინ არის და რა კავშირი აქვს პატრიკ პოპელს ამ ყველაფერთან?
ავსტრიული მედიის ინფორმაციით პოპელი წარმოადგენს რუსეთის გავლენის აგენტს, რომელიც კონტაქტს ინარჩუნებს ავსტრიის მემარჯვენე პოლიტიკოსებთან.
2019 წლამდე იყო ვენის სუვოროვის ინსტიტუტის გენერალური მდივანი. 2018 წელს პოპელმა ვენაში მიიწვია ერთობ სკანდალური რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, რამაც ავსტრიულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. პოპელს უკრაინულ ვებსაიტზე „სახელმწიფოს მტრად“ მოიხსენიებენ, დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერის გამო
პატრიკ პოპელი არის ასევე “ლაზარეს კავშირის” საპატიო გვარდიის “პოლკოვნიკი” მეთაურის რანგში.
ამჟამად პოპელი არის ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოების გენერალური მდივანი.

აღნიშნული საზოგადოების სახელით, 29 სექტემბერს, იგი საჯარო ვიდეო მიმართვით, ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს.
ფაქტის აღმოჩენისთანავე, დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს ავსტრიაში. მიუხედავად საახალწლო სადღესასწაულო დღეებისა, ძალიან ოპერატიულად და დაწვრილებით გვიპასუხეს აღნიშნული საზოგადოების შესახებ და ჩვენთვის აქამდე უცნობ რამდენიმე დეტალზეც მოგვაწოდეს ინფორმაცია. გთავაზობთ საელჩოს წერილს სრულად:
თქვენს მეილზე პასუხად, რომელიც შეეხებოდა ავსტრიის მოქალაქე პატრიკ პოპელის მიერ აფხაზეთისთვის ე.წ. „დამოუკიდებლობის დღის“ მილოცვას, მოგახსენებთ შემდეგს:
- 1. პატრიკ პოპელის სატელევიზიო მიმართვა ჩაწერილია 2021 წლის 29 სექტემბერს (იხ. ლინკი https://www.facebook.com/106126527495024/videos/4182472621861210
- 2. ბატონი პოპელი არის კერძო პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ავსტრიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფ კერძო, არაკომერციულ ორგანიზაციას, ავსტრიულ-აფხაზურ საზოგადოებას. აღიშნული პირი დეკლარირებულად არის რუსეთის ინტერესების ღიად გამტარებელი ავსტრიაში და არც მალავს მის პოზიციას. მისი კერძო მოწვევით, 2018 წელს ვენაში იმყოფებოდა რუსი ფილოსოფოსი ალექსანდერ დუგინი (იხ. ლინკი: https://de.wikipedia.org/wiki/Patrick_Poppel);
- 3. საქართველოს საელჩო მუდმივად ადევნებს თვალს პატრიკ პოპელის, როგორც ავსტრიულ-აფხაზურ საზოგადოების თავმჯდომარის საქმიანობას და საჭიროების მიხედვით, შესაბამის კომუნიკაციაშია ავსტრიის სახელმწიფო უწყებებთან. სათანადო კომუნიკაცია ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის შედგა ასევე 29 სექტემბრის ვიდეო-მიმართვასთან დაკავშირებითაც;
- 4. აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, როგორც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მოკლებულია შესაბამის სამართლებრივ ინსტრუმენტებს, აღკვეთოს კერძო პირის, პატრიკ პოპელის კონკრეტული ანტიქართული ქმედებები, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროების მიხედვით თანამშრომლობს ავსტრიის ყველა სათანადო სახელმწიფო სტრუქტურასთან, მათი სათანადო ინფორმირებისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირების თხოვნის მიზნით.
წერილის მიღების შემდეგ, გავაგრძელეთ მისი აქტიურობის და კავშირების შესწავლა საქართველოსთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქალაქ ბერლინში შედგა შეხვედრა, პატრიკ პოპპელისა დეფაქტო აფხაზეთის მოქალაქე ხიბლოი ამიჩბას შორის. აღნიიშნული შეხვედრა მათ მხარდამჭერ მედიის მიერ გაშუქდა, როგორც შეხვედრა აფხაზეთის წარმომადგენლთან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ, დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს გერმანიაში, რაზეც პასუხად მივიღეთ, შემდეგი შინაარსის წერილი:
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს შემდეგ ელ. ფოსტის მეშვეობით: Inform@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩოს, აღნიშნულის შესახებ, სავარაუდოდ არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია, განსხვავებით ავსტრიის საელჩოსგან.
პატრიკ პოპელის თემას უფრო ჩავუღრმავდით, როგორც მისი გამოსვლებიდან ვგებულობთ იგი აქტიურად თანამშრომლობს ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ სეპარატისტულ რეჟიმებთან. იგი ასევე აქტიურ ანტი-ევროპულ აგიტაციას ეწევა აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსული გავლენა ისევ შერჩენილია.
პატრიკ პოპელის შეხვედრებს და ვოიაჟებს, სეპარატისტულ რეგიონებში,, აქტიურად აშუქებს კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო Front-News. აღნიშნული მედია საშუალება, აქტიურად ეწევა კრემლის პროპაგანდას, ისეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში როგორიცაა: მონტენეგრო, ბულგარეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, საქართველო და სეპარატისტულ რეგიონები: აფხაზეთი, ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი. უკრაინაში კი აღნიშნული სააგენტო მაუწყებლობდა, მაუწყებლის შესახებ კანონის მიღებამდე.
ფრონტ ნიუსი
ფრონტ ნიუსი გახლავთ, ერთ-ერთი პროპაგანდისტული საცეცი, რომელიც აქტიურად მუშაობს, ტერიტორიული თუ პოლიტიკური პრობლემების მქონე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

საქართველოში, ფრონტნიუსის კვალის ძებნისას, დაგვეხმარა mythdetector.ge – ს კვლევა, რომელმაც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციები სრულად შეავსო და მოგვცა ერთი საერთო სურათი.
2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ამ დრომდე ინფორმაციას 8 ენაზე – რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად – აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების – დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის – დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.
ქართულენოვანი „News Front” და მისი ფეისბუქ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა და კავშირები ღიად პრო-რუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს. News Front-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ. ეს გარემოება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება.
News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. 2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან და ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”, რომლის ფარგლებშიც “უკვდავი პოლკის” მიერ 9 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავს პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა. გიორგი ირემაძე კი თავის მხრივ პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია. 2017 წლის აგვისტოში ირემაძე სპუტნიკის ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას.