რკინიგზის მნიშვნელობაზე და მის როლზე, ფეისბუქ მიმართვის სახით შესანიშნავი ანალიზი გააკეთა “პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელმა, ბატონმა დავით გოჩავამ. გთვაზობთ მის პოსტს უცვლელად.
“ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა – გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები. შედეგად, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. 1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც.
ახლა მარტივი კითხვა: რას უნდა უზრუნველყო შექმნილი ბაზრის გამართული ფუნქციონირება ფიზიკურად? იგივე კითხვა ცოტა სხვა კუთხიდან: რა უნდა ყოფილიყო ბელგიის, დასავლეთ გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდების პოლიტიკური კავშირის მდგრადობის ფიზიკური გარანტორი?
რა თქმა უნდა, რკინიგზა! ამას ევროპა ხვდება დაახლოებით 60 წლის შემდეგ, როცა 2010 წლის ე.წ. „თეთრ წიგნში“, რომელმაც ევროპის სატრანსპორტო პოლიტიკა განსაზღვრა, სარკინიგზო ტრანსპორტი ევროპის სატრანსპორტო სისტემის და, შეიძლება ითქვას, ევროპის განვითარების სტრატეგიული მდგენელი გახადა. ანუ, ევროპელი მიხვდა, რომ, სანამ ის არ მოაწყობს თავის სარკინიგზო სისტემას უმაღლეს დონეზე, ცხოვრება, არსებობა, ყოფა ევროპაში უმაღლეს დონეზე, ყველა თვალსაზრისით, გამორიცხულია.
ამას, სამწუხაროდ, ვერ მიხვდა ჩვენი ხელისუფლება და რკინიგზას ექცევა ისე, როგორც არ ეკადრება თანამედროვე სახელმწიფოს. ალბათ, დადგება დრო და მიხვდება. მანამდე ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული ნებისმიერი ძალისხმევა ფუჭია”-წერს დავით გოჩავა.