შარლ მიშელი 10-11 მარტს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს იწვევს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს იწვევს. ევროპელი ლიდერების შეხვედრა 10-11 მარტს ვერსალის სასახლეში გაიმართება.


შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი და მისი შედეგები იქნება. მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ევროჯგუფის თავმჯდომარე.


მიშელის თქმით, რუსეთი უკრაინელ მოსახლეობას წარმოუდგენელ ზიანს აყენებს და მთელი ევროპა ხედავს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელსაც ისინი თავიანთი ქვეყნის დაცვისას ავლენენ.


„რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში. ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. რუსეთი უკრაინელ მოსახლეობას წარმოუდგენელ ზიანს აყენებს. ჩვენ ვხედავთ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელსაც ისინი ავლენენ მათი ქვეყნის დაცვისას. უკრაინასთან ერთად, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაში.