შოლცი პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეწყვიტოს, რადგან აღნიშნული მსოფლიო კატასტროფაა და აზიანებს როგორც უკრაინას ასევე რუსეთს.


„რუსეთის პრეზიდენტს მოვუწოდებ: შეწყვიტეთ სისხლისღვრა, გაიყვანეთ ჯარები! ეს საზარელი კატასტროფაა უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა რუსი ხალხიც იტანჯება ამ ომის გამო“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.


მისი თქმით, ევროპაში ახალი ეპოქა დადგა, გერმანიის მთავრობა კი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, რათა კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრა მოახერხოს.


„ომის ზონაში ხალხის ცხოვრება აუტანელია. კრიზისის რეგიონში ხალხის ტანჯვა შოკში გვაგდებს. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ევროპაში ახალი ეპოქა დადგა. მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკვე ისეთი არ არის, როგორიც ადრე იყო“, – აღნიშნა კანცლერმა.