“პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი დავით გოჩავა, სატრანსპორტო დერეფნის “სპასრსეთის ყურე-შავი ზღვის” შესახებ ვრცელ მიმოხილვას ავრცელებს და ზემოაღნიშნულ დერეფანში, საქართველოს როლზე საუბრობს “პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. გთავაზობთ მას უცვლელად.
“სატრანსპორტო დერეფანი „სპარსეთის ყურე – შავი ზღვა“ იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანი „აბრეშუმის გზაზე“. სტატიაში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, დერეფნის ფუნქციონირებისთვის, უმთავრესი მაინც ირანის და საქართველოს პორტებია.
ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი მაღალია – გარკვეული სანქციები ირანის მიმართ უკვე მოხსნა ბაიდენმა და ირანი, არაა გამორიცხული, მთლიანად გათავისუფლდეს სანქციებისაგან. ამას თუ დავუმატებთ ჩინეთთან 25-წლიან შეთანხმებას, ირანი ცოტა ხანში გახდება „აბრეშუმის გზის“ საყრდენი ქვეყანა. მას დასჭირდება შეუფერხებელი და ეფექტური კავშირი კონსტანცას პორტთან რუმინეთში, ვარნასთნ ბულგარეთში, ნიკოლაევის, ოდესის და ილიჩევსკის პორტებთან – უკრაინაში, რაც გამორიცხულია ფოთის და ბათუმის პორტების გარეშე.
მაშასადამე, საქართველო სრულფასოვანი მოთამაშე რომ გახდეს „აბრეშუმის გზაზე“, ფოთის და ბათუმის პორტები ეფექტიანი და ეკონომიური სანაოსნო რეისებით უნდა დაუკავშირდეს ამ პორტებს შავი ზღვის აუზში. ეს არის სატრანსპორტო დერეფნის „სპარსეთის ყურე – შავი ზღვა“ შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის უმთავრესი პირობა ერთ მხარეს.
მეორე მხარე კი შემდეგში მდგომარეობს: ფოთი და ბათუმი ეფექტიანი და ეკონომიური, უკვე, სახმელეთო მარშრუტებით უნდა დაუკავშირდეს ირანის პორტებს ბენდერ-აბასი და ჩეჰბეჰარი. აღნიშნულ პორტებზე გადის მნიშვნელოვანი მაკავშირებელი სანაოსნო მარშრუტები, რომელიც ემსახურება მოცულობის მხრივ მსოფლიოს უდიდეს გადასაცლელ პორტებს, მათ შორის ჯებელ-ალის პორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. როგორც კი ეს სახმელეთო კავშირები დამყარდება, ჩათვალეთ რომ საქართველოზე გაივლის ცენტრალური აზიის იმ ქვეყნების უმოკლესი გზა ევროპისაკენ, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ღია ზღვაში – ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.
ყველაზე საინტერესო კი ჩვენთვის ის არის, რომ საქართველოს მოუწევს არა მხოლოდ ფიზიკური დაკავშირებულობის უზრუნველყოფა ამ დერეფანში, არამედ ორი სისტემის – თავისუფალი ბაზრის და ავტორიტარული, ზოგჯერ, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ან სულაც ოლიგარქიული ეკონომიკების – ერთმანეთთნ შეკავშირება. აღნიშნული ფუნქციის შესრულება კი ისეთი რამ არის, რომელიც საეჭვოა სხვა რომელიმე ქვეყანამ სრულფასოვნად შეძლოს, თუ შეძლო საერთოდ” წერს ბატონი დავით გოჩავა.