რუსეთს სანქციებს ავსტრალიაც დაუწესებს. ქვეყანა შეუერთდება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის რიგებს, რომლებმაც რუსეთის ქმედებების საპასუხოდ სანქციების დაწესებას მიმართეს.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინის საზღვართან და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ცნობას გარკვეული ქმედებები უნდა მოჰყვეს.
პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა იმ სანქციებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეებს, კორპორაციებსა და ინდუსტრიებს დაუწესდებათ.
სანქციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს 8 წევრი იქნება. ავსტრალია მათთან ყველა სახის ფინანსურ გარიგებას კრძალავს. სანქციები ასევე ითვალისწინებს ავსტრალიაში აქტივების, მათ შორის, უძრავი ქონების, დაყადაღებას. საბჭოს 8 წევრს აეკრძალება ქვეყანაში შესვლაც. რამდენიმე რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს კი ავსტრალიურ ბანკებში ტრანზაქცია აეკრძალება.