ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისთვის საქართველოს პროკურატურამ დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია განცხადებაში.