როგორც მოგეხსენებათ, აზოვის პოლკის ქვედანაყოფი და კონკრეტულად – აზოვსტალის დამცველები, რუსების ტყვეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

29 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ტყვეობიდან დაბრუნდნენ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საუბარია 150 მდე სამხედროზე, რომელთა უმრავლესობა სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მათ 99% კიდურების დიდი პრობლემა აქვს.

„აზოვი“ ცოცხალია და ქალაქიც გააგრძელებს ცხოვრებას. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისთვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ “აზოვი” „აზოვსტალის“ ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ აზოვი ახლა მთელი ქვეყანაა“, – ნათქვამია „ტელეგრამში“ გავრცელებულ შეტყობინებაში.

მათივე მტკიცებით, „აზოვი“ მარიუპოლს დააბრუნებს.

„ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ გათავისუფლდება ოკუპანტებისგან“, – აცხადებენ „აზოვის“ ბატალიონის დამცველები.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ. რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი დამცველების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ცეცხლში რკინა იწრთობა ფოლადად, ხალხი ბრძოლაში იქცევა ერად“!- გიორგი ქუფარაშვილი, აზოვის ბატალიონის ქართველი გმირი.

ჟურნალისტი ნანა აკობიძე თავის ფესიბუქის გვერდზე აზოვის ქართველი ინსტრუქტორის გიორგი ქუფარაშვილის შესახებ წერს და მასთან ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდებს აქვეყნებს.

ინტერვიუში, რომელიც ჟურნალისტმა ინა ვედერნიკოვამ ჩაწერა და 16 მაისს გამოქვეყნდა ინტერნეტგამოცემაში zn.ua, აზოვის პოლკის ქართველი ინსტრუქტორი გიორგი ქუფარაშვილი საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ შეიძლება, დამარცხდეს აზოვის პოლკი. ამავე ინტერვიუში ემოციების გარეშე, რაციონალურად საუბრობს იმ შეცდომებზეც, რაც იქნა დაშვებული ომამდე და ომის პერიოდში.

  • მზად ხარ, ამ ომში უკრაინისთვის მოკვდე?
  • მე ავირჩიე ჩემი გზა. არ მინდა ვიყო თევზი, რომელიც დინების მიმართულებით მიცურავს. ადამიანის მთელი ცხოვრება ბრძოლაა მის მიერ გაკეთებული არჩევანისთვის. მე ვირჩევ იმას, რასაც ვგრძნობ და არა იმას, რაც დაწესებულია. არ მინდა, ვინმე მკარნახობდეს, რომელ წინამძღვართან და რომელ მავზოლეუმში ვილოცო. მე გავაკეთე არჩევანი და მზად ვარ, ვიბრძოლო მისთვის.

ჩვენ სამხედროები ვართ, შევასრულეთ ჩვენს წინაშე დასახული ამოცანები. თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვა, (24 თებერვალს) რატომ გადავიდნენ რუსები ნახევარკუნძულიდან კონტინენტზე ასე სწრაფად ხერსონისა და ბერდიანსკის გავლით?

მარიუპოლში შემოსევიდან ფაქტობრივად მეორე დღეს სინათლე და წყალი დაიკარგა. შემდეგ აფეთქებების საშიშროების გამო გაზიც გაითიშა. ქალაქი ქაოსში ჩავარდა. ხალხმა მაშინვე დაიწყო მაღაზიებიდან ყველაფრის გატანა. წარმოგიდგენიათ, როგორია, როცა ნახევარმილიონიანი ქალაქი მასობრივ ძარცვას იწყებს? მე პირადად ვნახე პოლიცია, რომელიც ცდილობდა ხალხის შეჩერებას. მაგრამ რამდენი პოლიციელია? ქალაქი უზარმაზარია. თითოეულ სამხედრო ნაწილს აქვს სტანდარტული მარაგი საბრძოლო მასალის, საკვების და ა.შ. მალე ლოგისტიკური საწყობები გავხსენით და ყველაფერი მშვიდობიან მოსახლეობას დავურიგეთ. სამხედრო თავდაცვის 80 დღე, ფაქტობრივად, მშივრებმა გავატარეთ – დღეში ერთხელ ვჭამდით ერთ ჭიქა წვნიანს. და როცა მშვიდობიანი მოქალაქეები ბავშვებთან ერთად შემოვიდნენ, იმასაც მათ ვუყოფდით. ამ რესურსებმაც დიდი ხანია, ამოწურა თავი. და ეს ჩანს ფოტოებზე ბიჭების სახეებზე. რატომ?

სამწუხაროდ, ადამიანები და ქვეყნები ხშირად არ უსმენენ ერთმანეთს, სანამ საკუთარ ტრაგიკულ გამოცდილებას არ შეიძენენ.

აზოვის, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ადრინდელი იმიჯის შესახებ/: აქ, ვფიქრობ, დიდწილად უკრაინის სახელმწიფოა დამნაშავე. დუმილი სპეკულაციის საბაბია. უკვე 2014 წლის ნოემბერში „აზოვი“ ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევიდა. სახელმწიფოს ოფიციალურად უნდა დაეცვა თავისი ქვედანაყოფი. რატომ დუმდა? მეზობელმა სახელმწიფომ თავისი აგრესიის სტრატეგია ამ პროპაგანდაზე ააგო.

რაც შეეხება აზოვის სიმბოლოს, ჯანსაღი ფსიქიკისა და განათლების მქონე ადამიანს შეუძლია, დაინახოს ორი ლათინური ასო – I და N. რაც ნიშნავს – ერის იდეას. დიახ, ჩვენ ნაციონალისტები ვართ. იმიტომ, რომ მთელი ერი ერთიანდება ეროვნულ იდეაზე კრიზისის დროს. ომი კრიზისია. და ჩვენ გვჭირდებოდა საფუძველი. უკრაინა ჩვენი ეროვნული საფუძველია.

ჩვენ აღვზარდეთ ელიტა ისეთ პლატფორმაზე, რომელსაც შემდგომში ახალი სიცოცხლის შთაგონება შეეძლო უკრაინის არმიისთვის. გვინდოდა, ჩვენი მებრძოლები მაგალითი ყოფილიყვნენ ყველასთვის. ჩვენი უნიკალურობა ასევე იმ ადამიანების მრავალფეროვნებაშია, რომლებიც ჩამოვიდნენ, ჩვენთან დარჩნენ და შექმნეს ღრებულებებზე დაფუძნებული კულტურის და შეხედულებების ასეთი სიმბიოზი.

ამ მოძრაობის ფენომენი უკრაინაში ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ეს არის განსაკუთრებული ძალა და ენერგია, რომლის გარეშეც უკრაინის სახელმწიფო წარმოუდგენელია.

პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო რკინის ნებისყოფის, რკინის ხასიათის კაცია და მაგალითს იძლევა. აზოვის ყველა მეთაური რკინის ნებისყოფის ადამიანია. აი, რაც არის “აზოვში” იდეალურად – ეს არის მაგალითის მიცემა!

„ხალხი ბრძოლაში იქცევა ერად, რკინა ცეცხლში იწრთობა ფოლადად”- ასე დაემართა აზოვს. მანამდე იყო გუნდი, ერთეული და ომის დროს გადაიქცა შეკრულ ოჯახად.

ჩემთვის რადიკალიზმი, უპირველეს ყოვლისა, სიმამაცეა. გამბედაობა, თქვას „არა“ იმაზე, რასაც არ ეთანხმები და რაც მთავარია – დაიცვა საკუთარი აზრი, არჩევნებში ხმა, კონსტიტუციური უფლებები, იბრძოლო დიქტატურის წინააღმდეგ. რით განსხვავდება ეს პატრიოტიზმისგან?
ასეთი თვისებების მქონე ადამიანები რომ არ შეგვერჩია ჩვენს რიგებში, ალბათ ახლა სულ სხვა რამეზე ვისაუბრებდით. ომის დასაწყისში პუტინს და მის გენერალურ შტაბს მთელი ქვეყნის სახელით ერთმა მცირე დანაყოფმა დაარტყა. შემდეგ კი კბილებში მუშტი უთავაზა და 9 მაისამდე არ მისცა მარიუპოლის და აზოვსტალის აღების უფლება. რადიკალიზმია თუ პატრიოტიზმი?

აზოვი რვა წელია, ომისთვის ემზადებოდა. და ამის გამო ყოველთვის გვქონდა პრობლემები ხელისუფლებასთან. მაღლიდან გვიყურებდნენ და არ გვენდობოდნენ. აზოვს ყოველთვის ესმოდა, რომ ომი გარდაუვალია. ამისთვის არ იყო საჭირო რაღაც შეგრძნებები, ასტროლოგიური პროგნოზები და ა.შ. სახელმწიფოს, უბრალოდ, ფაქტების ანალიზი სჭირდებოდა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ მზად გვქონდა შესაძლო თავდაცვის გეგმა, რომელსაც ყოველწლიურად ვაახლებდით.

ზელენსკის მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ არ შეეშინდა და არ გაიქცა კიევიდან. მას ჰყავდა ხალხი, ვისაც დაეყრდნო. წრე შეიკრა. წრე დაიხურა. ახლა სახელმწიფო მანქანამ უნდა დაიწყოს მუშაობა, რაც კორუმპირებულთა რადიკალური წმენდის გარეშე შეუძლებელია.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაიდანზე და 2014 წლის ომის დასაწყისში ფრონტის ხაზზე იყვნენ არა მხოლოდ რადიკალები და პატრიოტები, არამედ ისეთებიც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მოვალეობასთან და ღირსებასთან.

(ამ ომში) ბევრი ადამიანი დაიღუპა ღალატის / არაკომპეტენტურობის გამო. ესენი იყვნენ ვიღაცის შვილები, ქმრები და მშობლები – განადგურდა მთელი სამყარო და ოჯახები. და ამაზე დაუყოვნებლივ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. პრევენციის ეს სიგნალები სჭირდებათ მეთაურებს ისევე, როგორც საზოგადოებას ეს არის ხანგრძლივი და რთული გამოძიებები, რომლებიც პარალელურად უნდა აწარმოონ პროფესიონალმა პატრიოტმა გამომძიებლებმა.

კორუფციის წინააღმდეგ მეორე ფრონტი ახლა უნდა გაიხსნას და არა ომის შემდეგ. ახლა იდეალური დროა სახელმწიფოებრიობის ახალი ხარისხის დაბადებისთვის და პრეზიდენტმა უნდა მისცეს ასეთი სიგნალი.

ოპერაცია ამჟამად მიმდინარეობს. პაციენტი მაგიდაზეა – უკრაინა! არ შეიძლება წუთების დახარჯვა და რაღაცის მომავლისთვის გადადება, დაუმუშავებელი ჭრილობების შეკერვა… თორემ შეიძლება მომავალი აღარ იყოს!