კორესპონდენტი გთავაზობთ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორის და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მოკლე ინტერვიუს:

ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი პოზიტიური განცხადებები გვესმის. რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება და რამდენად სარისკო გგონიათ ასეთი კომენტარების გაკეთება რუსეთის მხრიდან?

ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდობიან, მას განავცრობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.

პოლიანსკიმ თქვა, რომ უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა იგივე შეცდომას უშვებს, რაც საქართველომ 2008 წელს დაუშვა, რამდენად მსგავსია რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდა ამ ორ ქვეყანაში, არამხოლოდ ომის, არამედ სხვა მიმართულებითაც და რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით?

– რუსეთი პირდაპირ ტყუილს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი საქციელი გაამართლოს. ასე რომ, თუ მათ შეუძლიათ, რომ მცდარი პარალელები გაავლონ საქართველოსა და უკრაინას შორის და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო და უკრაინა არიან მათი მისამართით აგრესორები, ასეც იზამენ.

ისინი ჩაეჭიდებიან მცირე კვლევას, რომელიც იტყვის, რომ პირველი გასროლა მოხდა… ხომ ხვდებით, ისინი ჩაეჭიდებიან რაღაც მარცვალს და ამას განავცრობენ. ვფიქრობ, ეს მათი სახელმძღვანელოა – რომ ისინი არიან მსხვერპლი, რომ იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას, რომ გენოციდის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ერთსადაიმავეს ამბობდნენ საქართველოშიც და უკრაინაშიც, და სავარაუდოდ, ამას მომავალშიც გამოიყენებენ.

რამდენად ჭკვიანური და უსაფრთხოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი უკვე მე-6 თვეა გრძელდება?

– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები?

როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.

– საქართველოზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, მის შუაგულში კი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია მოქცეული. მთავრობის წევრები, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი კამპანიაა სოციალურ ქსელებშიც, ამბობენ, რომ ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ა.შ. რას ფიქრობთ ამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის?

კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა და ფიქრობთ თუ არა, რომ ის ახლა უფრო წარმატებული და უფრო აგრესიულია, ვიდრე აქამდე იყო?

მე ვაკვირდები იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს და გვერდი აუაროს აკრძალვებს [სანქციებს]. მაგალითად RT და Sputnik (რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები), ევროკავშირში აკრძალულია. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი გზები იმისა, თუ როგორ მოახერხა რუსულმა დეზინფორმაციამ და თავი აარიდა ყველა ამ აკრძალვას.

ვიხილეთ ასევე, როგორ იყენებენ ესპანურ ენას, რომ ფოკუსირდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე, თუმცა, ასევე ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსული დეზინფორმაცია ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა. ისინი ე.წ “მიმებზე” მუშაობენ, ვიდეოებს აკეთებენ, არიან “ინსტაგრამსა” და “ტიკტოკზე”. ამ ყველაფერს ძალიან გასართობ, მხიარულ სახეს აძლევენ და ხალხის გულის მოგებაზე, მის იუმორზე მუშაობენ. ასევე ვხედავთ, რომ მათ ისევ აქვთ საშუალება ჩაერიონ ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას, იქნება ეს დიდი სატელევიზიო არხები, ე.წ “სასარგებლო იდიოტები”, ბოტები, თუ ჭკვიანური მედია საიტები, ფაქტია, რომ ისინი ძალიან დაიხვეწნენ. ამან ძალიან გამაკვირვა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მათ არაეთიკური, საშინელი ომი წამოიწყეს უკრაინაში, მაინც შეუძლიათ, რომ დრო მონახონ და ყველა ეთერში მოხვდნენ.

ბაიდენი განმარტავს, რომ ამერიკა არ გააგზავნის სამხედროებს უკრაინაში საბრძოლველად.

აშშ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო ახალ სანქციებს დაუწესებს. პრეზიდენტის თქმით, სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე მძიმე გავლენა ექნება.

ბაიდენმა ისაუბრა NATO-ს კოორდინირებულ პასუხზეც. მისი განცხადებით, აშშ აძლიერებს თავის წარმომადგენლობას NATO-ს აღმოსავლეთ წევრ ქვეყნებში.

,,ხვალ NATO შეიკრიბება სამიტზე, რომელსაც 30 წევრი და ახლო პარტნიორი დაესწრება, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ ნატოს შემდგომ ნაბიჯებზე. უკრაინას მხოლოდ შარშან $650 მლნ-ის სამხედრო დახმარება მივაწოდეთ, მაგრამ ჩვენი ძალები არ ჩაერთვებიან უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტში, ისინი არ გაემგზავრებიან უკრაინაში რუსებთან საბრძოლველად.

აშშ დაიცავს NATO-ს მთელ ტერიტორიას, მის თითოეულ ინჩს” – განცახადა ჯო ბაიდენმა.

„ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები შემდეგ საკითხებს ეხება:

  • რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
  • რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერება
  • რუსეთის უნარის შემცირება კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
  • სანქციები რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ

„ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა.

რა მოხდა 30 წლის წინ? დაპირდა თუ არა შეერთებული შტატები, კოლაფსის პირას მყოფ საბჭოთა კავშირს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა?

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთმა მოსკოვი “უსირცხვილოდ მოატყუა”. რუსეთის პრეზიდენტმა სამი ათწლეულის წინანდელი პოლიტიკური მოვლენების საკუთარ ვერსიაზე, მიმდინარე კრიზისის სათავეებში ისაუბრა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ისტორიის პერსონალურ აღქმებზე საუბრით, რუსეთის პრეზიდენტი, საკუთარი ქმედებების გამართლებას ცდილობს. ამ დროისთვის, კრემლს დასავლეთის წინაშე, ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, მოთხოვნები უკვე წარმოდგენილი ჰქონდა.

წყარო: ამერიკის ხმა

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ამერიკა-თურქეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობას აფასებს და წერს:

“აშშ-ს განცხადებით, ჩრდილოეთ სირიაში გაანადგურეს ISIS-ის ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ხაშიმი ალ-ყურაიში.რა თქმა უნდა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მოვლენა ჩვენთვის უფრო სხვა მხრივ არის საყურადღებო.საქმე იმაშია, რომ ეს ოპერაცია ჩატარდა ზედ სირია-თურქეთის საზღვარზე, რაც ვერანაირად ვერ განხორციელდებოდა ამერიკელი და თურქი სამხედროებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომ, ბუნებრივია იბადება ლეგიტიმური კითხვა, დაძლიეს თუ არა ამერიკელებმა და თურქებმა ერთმანეთის მიმართ არსებული წინააღმდეგობები (დროებით მაინც) და აღდგება თუ არა ის ძველი მოკავშირეობა მათ შორის, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე საქართველოსაც, უკრაინასაც და ზოგადად, მთლიან რეგიონს?”

მე მაინც მგონია, რომ მთელი ამ ამბის თავიდათავი პუტინის არასწორი გათვლაა (miscalculation), რომელმაც ამერიკელების ავღანეთიდან გასვლა გლობალურ მასშტაბში არაერთიანი დასავლეთის გარდაუვალ დაღმასვლად შეაფასა და გადაწყვიტა, რომ იდეალური დროა იქით შესატევად.

ამაში თავისი წვლილი ალბათ მისმა ასაკმა და კოვიდის გამო ორწლიან იზოლაციაში (მაქსიმალურადაა შემცირებული იმ ადამიანთა წრე, ვისაც მასთან წვდომა აქვთ) ყოფნამაც შეიტანა.რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებზე მიყრა, მუქარები და დასავლეთისთვის ყოვლად მიუღებელი ულტიმატუმების წაყენება ამ არასწორი კალკულაციის ნაწილია.

მაგრამ მოხდა პირიქით, დასავლეთმა არამხოლოდ აქამდე არნახული ერთიანობა და წინააღმდეგობა აჩვენა (მხოლოდ გერმანიამ აითრია ფეხი), არამედ მაქსიმალურად (მათ შორის, კიევის სერიოზული შეიარაღებითაც) გვერდში დაუდგა უკრაინას.ახლა პუტინი ორ ცეცხლს შუაა და მძიმე არჩევანი უნდა გააკეთოს: 1) შეიჭრას უკრაინაში, რითაც მიიღებს “სლავურ ავღანეთსა” და უმკაცრეს დასავლურ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლის პერსპექტივით;2) უკან დაიხიოს (არ დაიწყოს ომი) და დაკარგოს სახე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის გარეთ.ჭადრაკში არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შეტევაში ისე გალაღდება და ღრმად შეტოპავს, რომ უცებ აღმოჩნდება გარდაუვალი მარცხის წინაშე, როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია.ასეთ მდგომარეობაშია დღეს პუტინი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო, რომელსაც არსადაც არ ეჩქარება, მშვიდად და გაწონასწორებულად ელოდება, თუ რომელ არასწორ სვლას აარჩევს იგი-ზურაბ ბატიაშვილი.

თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ ფსკაკი ყაზახეთის მოვლენებში აშშ-ს ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული “რუსული ბრალდებებია” და ინფორმაცია სიცრუეა.

“თვალს ვადევნებთ ყაზახეთის პროტესტების ცნობებს. მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ მოწოდებებს, დემონსტრანტების მიერ მშვიდობიან თვითგამოხატვასა და ხელისუფლების მიერ თავშეკავების გამოჩენას. არსებობს რუსული შეშლილი ბრალდებები, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ დგას. ეს აბსოლუტურად სიცრუეა და ცხადია, რომ ბოლო წლებში ნანახი სტანდარტული რუსული დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს ნაწილია, რომელიც ბოლო წლებში ხშირად გვინახავს”,-თქვა ჯენ ფსაკიმ.

ვაშინგტონი – თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უბრძანა აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფს დარჩენა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

თავდაცვის ჩინოვნიკმა სამშაბათს განაცხადა, რომ USS Harry S. Truman-ისა და მისი თანმხლები ხუთი ამერიკული ხომალდის განრიგის ცვლილება ასახავს ევროპაში მუდმივი ყოფნის საჭიროებას. ეს აუცილებელია რეგიონში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების დასამშვიდებლად, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. აშშ და დასავლელი მოკავშირეები აკვირდებოდნენ, როდესაც საზღვრის მახლობლად რუსული ჯარების რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა, რაც აძლიერებს შიშს, რომ მოსკოვი ემზადებოდა უკრაინაში შეჭრისთვის.

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და ცოტა ხნის შემდეგ მხარი დაუჭირა სეპარატისტულ აჯანყებას ქვეყნის აღმოსავლეთში. შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრძოლებში დაიღუპა 14000-ზე მეტი ადამიანი და გაანადგურა უკრაინის ინდუსტრიული ცენტრი, რომელიც ცნობილია როგორც დონბასი.

რუსეთმა უარყო რაიმე განზრახვა ახალი შემოჭრის წამოწყებაზე. ამის ნაცვლად დაადანაშაულა უკრაინა გეგმების შემუშავებაში ძალის გამოყენების მცდელობაში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კონტროლის დასაბრუნებლად.

ტრუმენის დამრტყმელ ჯგუფში შედის ხუთი ამერიკული ხომალდი – კრეისერი USS San Jacinto და მართვადი რაკეტების გამანადგურებლები USS Cole, USS Bainbridge, USS Gravely და USS Jason Dunham. ასევე მათთან ერთად არის ნორვეგიის სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი HNoMS Fridtjof Nansen.

ტრუმენმა 1 დეკემბერს დატოვა პორტი ნორფოლკი, ვირჯინიაში და ხმელთაშუა ზღვაში 14 დეკემბერს შევიდა. დაგეგმილი იყო მისი გაგრძელება ყურის რეგიონში, თუმცა ახალი ბრძანებით მას მოუწევს უკრაინის მახლობლად გაჩერება.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი  CBS News-თან ინტერვიუში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინაში და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტში, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ – და ჩვენ ვდგავართ ერთად – მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ”, – თქვა კამილა ჰარისმა.

კამილა ჰარისმა არ დააკონკრეტა სანქციები პუტინს შეეხება თუ არა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად უხსნიან.