“ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა თავისთავად გულისხმობს მხოლოდ პარტიის, როგორც კოლექტივის მორჩილ ადამიანურ რესურსებს, თუმცა, როგორც გადაწყვეტილების ალგორითმი, დღეს მიღებულია მენეჯერული უნარების მქონე პირის დანიშვნა არა იმდენად დარგობრივი სივრცის წიაღიდან, არამედ მენეჯერული უნარებიდან გამომდინარე.

ეს მიდგომა მუდმივად იყო და განსაკუთრებით წინა ხელისუფლებამ წამოწია. მაგალითად, ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. დიმიტრი შაშკინი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი იყო, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან განათლების მინისტრად გადაიყვანეს. განათლების მინისტრად, ზოგადადაც, ნაკლებად გვევლინებოდნენ დარგობრივი სპეციალისტები უწყების პირველ პირებად. ზურაბ ნოღაიდელი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ფიზიკოსი იყო, რომელიც პრემიერობამდე ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. დავით ტყეშელაშვილი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრიც იყო ერთ ხანს, სამართალმცოდნე იყო და ა.შ. მსგავსი სია ვრცელი შეიძლება გამოვიდეს.

თემა თავისთავად ის კი არ არის, უწყების პირველი პირი არის თუ არა დარგობრივი სპეციალისტი, ესა თუ ის ხელისუფლება ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას აგებს ან დარგობრივი გამოცდილებით ან მენეჯერული უნარებით. ამ უკანასკნელის მომხრე კიდეც ვარ და ვიყავი ადრეც, რადგან უწყების მართვა ხდება სწორი მენეჯერული უნარების მიხედვით, რომელიც გარკვეულ დონეზე კი მოითხოვს დარგობრივი კომპეტენციების ქონას, მაგრამ არ ქმნის ვალდებულებას მხოლოდ დარგობრივი კომპეტენციებიდან ამოდიოდეს, ამისთვის არსებობენ მოადგილეები, ქვეუწყებების ხელმძღვანელები და ა.შ.

ჩვენს თანამედროვე საკადრო პოლიტიკაში არაა გადამწყვეტი პრობლემა მხოლოდ არა დარგობრიობა, არამედ პრობლემაა უწყებების პირებად მმართველი პოლიტიკური კოლექტივისათვის კონფორმისტულობა.

ეკა ტიკარაძე ნაკლებად იყო კონფორმისტი, ის იბრძოდა თავისი ძალაუფლებისთვის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარისათვის. ეს გახდა მთლიანობაში მისი წასვლის მთავარი პირობა და ეს კონფორმიზმი, სადაც, მაღალი თანამდებობის პირი მხოლოდ შემსრულებელია და არა მწარმოებელი ხელისუფლებისათვის, არის საკადრო პოლიტიკის ძირითადი კონცეფცია.

“ქართული ოცნება” , პირადად ბიძინა ივანიშვილი, ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, კოლექტივთან შეუთანხმებელ პირს, ვერ იტანს თავისუფლების მოყვარეობას და ამ კოლექტიურობისგან გამორჩევას. ესაა ფუნდამენტი ამ მნიშვნელოვანი პრობლემისა და არა მაინც და მაინც ის, რომ ვიღაც შრომითი ბიოგრაფიით არ მიესადაგება ამა თუ იმ დარგს პირდაპირად. მინისტრობა არის არა დარგობრივი ძალაუფლება, არამედ საშემსრულებლო ადმინისტრატორობა. ეს არის ავტოკრატიზმის და ასევე ოლიგარქიზმის ბუნებაც.

თუ ძალაუფლების ვიწრო სივრციდან არაა წარმოდგენილი პირი, ის არასასურველია. ივანიშვილის და მისი წარმომადგენელი ვიწრო ჯგუფისთვის არასასურველია ნებისმიერი, ვისაც ავტონომიურობის სურვილი და სტატუსური თავმოყვარეობა უჩნდება, ვინც თავიანთ გუნდშივე იბრძვის იმ ძალაუფლებისთვის, რომელიც ფორმალურად მინიჭებული აქვს, მაგალითებისთვის მარტივად შეგვიძლია გავიხსენოთ კვირიკაშვილიც, გახარიაც, ტიკარაძეც.კლანიზმი გულისხმობს კლანის წევრების უსიტყვო მორჩილებას და არა მოქმედების ნებელობას – ესაა “ქართული ოცნების” მართვის მახინჯი კონცეფცია, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ ასეთი ადმინისტრაციულობის სახით განსაკუთრებით დღეს არის რეინკარნირებული.