ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 30-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, ისინი 1938 წელს დახვრეტილი პირები არიან.


„სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეექვსე სამარხია, რაც ჩვენი სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ. 2016 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ეს საქმე დავიწყეთ. მანამდე აღმოჩენილი სამარხებიდან 120 ადამიანის ნეშტი ამოვასვენეთ. ამ მეექვსე სამარხში 29 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი.
მათთან ერთად ვიპოვეთ მონეტები და დახვრეტილთა პირადი ნივთები. ნეშტები 1937-1938 წლებში სტალინური პერიოდის დროს რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის“, –განაცხადეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში.


არქეოლოგიურ სამუშაოებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექვსკაციანი ჯგუფი ორი კვირაა, აწარმოებს. პირველადი ანთროპოლოგიური დათვალიერების შემდეგ, ნეშტებს მონასტრის ტერიტორიაზე გადაასვენებენ.