სამგზავრო ბარათების გაყიდვიდან ამოღებაზე, საქართველოს ბანკი განმარტებას აკეთებს. მათი ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადახდის ბარათებზე დაშვებული იყო „მცირედი უზუსტობა”, რის გამოც აბონიმენტების გაცემა ერთი დღით შეჩერდება და ხვალიდან, 10 იანვრიდან განახლდება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას „საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი „საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანია „მს+”.სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა.

ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას „საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში..

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა ერთი დღით შეჩერდა.

ჩვენი ინფორმაციით, გაყიდვა ხვალიდან გაგრძელდება.სამგზავრო პაკეტების შეძენა მეტროს სალაროებში 5 იანვარს, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში კი 6 იანვარს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ facebook-ზე გავრცელდა ბარათის ფოტოები, სადაც ჩამონათვალში ავტობუსთან, მიკროავტობუსსა და მეტროსთან ერთად “საბაგარო” წერია. 

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ავტობუსებში მგზავრობა ნაღდი ფულითაც იქნება შესაძლებელი. ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში. 

სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი;ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი;ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი;ულიმიტო 3-თვიანი ბარათი – 100 ლარი;ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი;ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი.

უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.

შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები.