გადამდგარი ტიკარაძე ალაპარაკდა. ფაქტობრივად, მთავრობა და ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა კორონავირუსის გავრცელებაში და ადამიანების სიკვდილში. როგორც გვახსოვს, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი მომხრე იყო ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულთა მიმართ სავალდებულო აცრის შემოღების ისევე, როგორც ეს ხდება ფაქტობრივად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მოვუსმინოთ რა თქვა მან:

“პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით”. “გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. მიზეზი ინფექციის კონტროლის არარსებობაა“.

გამოდის პაციენტს კლავს დაინფიცირებული სამედიცინო მუშაკი. ყველა, განურჩევლად მოტივისა მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ არ ემხრობიან ექიმების, მასწავლებლებისა და ზოგიერთი სხვა პროფესიის ადამიანების სავალდებულო აცრას, არიან ინფექციის გავრცელებისა და შესაბამისად, სიკვდილიანობის მატების ხელშემწყობები.

სავალდებულობა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას შებოჭავენ და ნემსს დაარჭობენ. სავალდებულობა ნიშნავს, რომ სანამ ვირუსის გავრცელება არ შეჩერებულა, სხვა საქმე უნდა მოძებნო, თუ ასეთი პრინციპული ანტივაქსერი ხარ. დისკრიმინაციაა საყვარელი საქმიანობის უფლებას რომ ართმევ? ნურას უკაცრავად, შრომის უფლებას კი არ ართმევ, სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლებას ართმევ.