საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის სასწავლო ცენტრი დააფუძნა. ცენტრის მიზანი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა.


სასწავლო ცენტრში ტრენინგების გავლა შეეძლებათ სტუდენტებს, რეგულირებადი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ცენტრის დაფუძნება. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება. შესაბამისად, დავაარსეთ ბატონი ელიზბარ ერისთავის, აკადემიკოსის, სემეკის პირველი თავმჯდომარის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.

სასწავლო ცენტრის საქმიანობა განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის გააჩნია კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ.

გარდა ამისა, სემეკის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის. კომისიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ საქმიანობაში.

სასწავლო ცენტრის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული თემატიკის, ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სასკოლო ასაკის ბავშვებში,“ – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.