თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ დაკითხვაზე 15 სექტემბრის მომხდარ ინციდენტზე და იმ დღის გარემოებებზე ისაუბრა:

15 სექტემბერს დილით დავურეკე აკო ჭელიძეს, 10-11 საათი იქნებოდა, გამოვედი ჩემი კუთვნილი ავტომობილით. მითხრა, სადაც გუშინ დამტოვე იქ გამომიარეო, გავუარე აბაშიძის ქუჩაზე. ტელეფონში მითხრა რაღაც საქმეები მაქვს, ალბათ, ვერ გამოგყვებიო, გამოგივლი და დავილაპარაკოთო. მითხრა, რომ ადამიანი ჰყავდა სანახავი და უნდა დალაპარაკებოდა, ეს ადამიანი იყო ნიკოლოზ კვარაცხელია, მითხრა, რომ 2 კვირის წინ შეუთვალა რაღაც, რაც არ გაითვალისწინა, გამომდინარე აქედან პირადად უნდა ენახა. ეს ეხებოდა გოგოს და გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალე, რომ თავი შეეკავებინა მასთან კომუნიკაციისაგან, რაც არ გაითვალისწინაო, საუბარია ალეკოს მეგობარ გოგონაზე.მანამდე ეს შეთვლა მოხდა კონკრეტული ადამიანის პირით, თუმცა ვინ იყო ეს ადამიანი, არ ვიცი. მითხრა, რომ დავურეკო არ შემხვდება და თავს შეიკავებს შეხვედრიდან, ამიტომ შემთხვევით ქუჩაში თუ გადავეყრებიო.

შევთავაზე ალეკოს, რომ გავყვებოდი მის საქმეზე, რის შემდეგაც გამომყვებოდა ბორჯომში, ჩემს საქმიანობაზე. გადავჯექი ნაქირავებ მანქანაში და დავითანხმე, რომ ჯერ გავყვებოდი, რის შემდეგაც წავიდოდით ჩემს საქმეზე. მითხრა საცხოვრებელი სახლი და ქუჩა მიახლოებით ვიციო, რის შემდეგაც წავედით ანჯაფარიძის ქუჩის მახლობლად. მითხრა, რომ ჰყავდა ,,რეინჯ როვერი”.200 მეტრი იყო ჩვენს მანქანებს შორის დაშორება, მივუახლოვდით მანქანას და მითხრა გამეჩერებინა. გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც გავიგე 10-მდე გასროლის ხმა, საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენთან შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ეს ხმები, სარკიდან დავინახე, რომ მანქანისკენ გამორბოდა. მითხრა, ჩქარა წადი აქედანო, აკანკალებული ხმით მელაპარაკებოდა. რაღაც პერიოდი უნარიც არ ჰქონდა ეპასუხა რა მოხდა, ბოლოს მითხრა დავჭერიო”, – აღნიშნა გიორგი კავილაძემ.

სასამართლო პროცესზე გიორგი კავილაძემ ასევე განმარტა, თუ რატომ დაურეკა მან  ბუსა ჟვანიას. მან განმარტა, რომ 15 სექტემბერს, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტის შემდეგ, დაურეკა ბუსა ჟვანიას და კუს ტბის ასახვევთან შეხვედრა სთხოვა, თუმცა შემდეგ მასთან შეხვედრა გადაიფიქრა.

„ბუსა ჟვანიას დავურეკე და ვკითხე, თუ შეეძლო კუს ტბის ასახვევთან შემხვედროდა, მაგრამ გაავანალიზე, რომ არასწორი ნაბიჯი იყო მისი ნახვა. მედიასაშუალებებით მანამდე გაჟღერდა თითქოს ბუსა ჟვანიას ვუთხარი „ბუსა კუს ტბაზე არ ახვიდე, მანდ ძაღლები არიან თქო”, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მე მას ბუსათი არ მივმართავ და ტერმინოლოგია ძაღლებს არ ვიყენებ. მეორედაც დავურეკე, რადგან მისი კუს ტბაზე გამოჩენა ერთგვარ პრობლემებსაც შეუქმნიდა და არ მინდოდა ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის პრობლემა შემექმნა.

ვიყავი კონცენტრირებული იმაზე, რომ დავმალულიყავით და თავი გადაგვერჩინა მე და აკოს. ეს არც ჩვენი და არც მისი მიზანშეწონილობისთვის არ იყო უსაფრთხო, ვფიქრობდი ჩვენს საძებნელად მასაც გამოიყენებდნენ. ვუთხარი არ შეგვხვდე, მე თვითონ დაგირეკავ თქო. ტაქსით მივედი ჩემს სახლამდე და გამოვიცვალე ტანსაცმელი, ტანსაცმელი გვქონდა ჩანთით, ვინაიდან ვაპირებდით ბორჯომში წასვლას”, – თქვა გიორგი კავილაძემ.

სასამართლოზე გიორგი კავილაძის  ამ ჩვენების მიცემის შემდეგ, საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა პოზიცია დააფიქსირა და სასამართლოს უთხრა, რომ საქმის მტკიცებულებების მიხედვით გაჟღერებული იყო ტყუილი მკვლელობის მოტივთან და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულმა ამ ტყუილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ამასთან გია შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებულის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ მას ბუსა ჟვანიასთან საუბრისას წინადადება: ,,ბუსა კუს ტბაზე არ ახვიდე, მანდ ძაღლები არიან”, არ უთქვამს, საფუძველს არის მოკლებული, რადგან დაცვის მხარეს გამოძიების მიერ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია უდაოდ არის ცნობილი.

,,ბრალდებული მომზადებული იყო იმისთვის, რომ თავისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდებინა სასამართლოსთვის, მაგრამ რეალურად ბევრი სიმართლე თავადვე თქვა. სათავისოდ რა წარმოადგინა ამას ვერ გეტყვით, ვინაიდან უმეტესობა ბრალდების მხარისთვის სასარგებლო ინფორმაცია წარმოადგინა. ნამდვილად დაადასტურა, რომ იმყოფებოდა სომხეთში, თუმცა რა მიზნით ამ დეტალებზე მომდევნო პროცესზე ვისაუბრებთ”, – აღნიშნა გია შაიშმელაშვილმა.