ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საწვავის ფასების ზრდაზე საუბრისას განაცხადა, რომ საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოკლევადიან რყევებზე. მისი თქმით, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ტენდენცია გაიზრდება, სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობა.

“საწვავის ფასებთან მიმართებით საერთაშორისო ბაზრებზე ნამდვილად მკვეთრი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რომელიც მსოფლიოსა და რეგიონშია. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოკლევადიან რყევებზე, თუმცა თუ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით და ეს არ იქნება ე.წ. აქციზის საფეხურებრივი სისტემა. ეს სისტემა პრაქტიკულადაც არ არსებობს მსოფლიოში, შეიძლება არსებობდეს როგორც ზედა ჭერი, ასევე ფასების ქვედა ნაწილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 3-4 საფეხური შეიძლება იყოს. ეს პრაქტიკაშიც რთულად ადმინისტრირებადია და ბევრი მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა”- აცხადებს ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე მაღალი ფასის გამო, ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავზე ფასის ზრდის შეჩერების ერთადერთ მექანიზმად დღეს სწორედ აქციზის განაკვეთის შემცირება მიაჩნიათ.