საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის სასწავლო ცენტრი დააფუძნა. ცენტრის მიზანი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა.


სასწავლო ცენტრში ტრენინგების გავლა შეეძლებათ სტუდენტებს, რეგულირებადი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ცენტრის დაფუძნება. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება. შესაბამისად, დავაარსეთ ბატონი ელიზბარ ერისთავის, აკადემიკოსის, სემეკის პირველი თავმჯდომარის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.

სასწავლო ცენტრის საქმიანობა განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის გააჩნია კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ.

გარდა ამისა, სემეკის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის. კომისიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ საქმიანობაში.

სასწავლო ცენტრის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული თემატიკის, ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სასკოლო ასაკის ბავშვებში,“ – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

სემეკი ელექტროენერგიის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
მოქალაქეებმა, რომელთაც 2021 წლის 1-ელ დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, სემეკს უნდა მიმართონ.


„სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს.


სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, სადაც რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსებით, ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს.


დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ მომხმარებლებს ზედმეტად გადახდილი თანხები უკან დაუბრუნდებათ.


სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას დღეიდან დაიწყებს, რათა დადგინდეს რეალურად არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხულ დავალიანებებს სემეკი 1 თვის განმავლობაში შეისწავლის.


ბოლო პერიოდში, ასობით მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არაადეკვატურად გაზრდილი გადასახადი მისდის. დეკემბერსა და იანვარში სემეკში, უკმაყოფილო მოქალაქეების უამრავი საჩივარია შესული.