აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა.

“დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაცია, რომელსაც აქ წარმოვადგენ, არის დამტკიცებული იმით, რაც თვეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. და გახსოვდეთ, სანამ რუსეთი განმეორებითად მასხრად იგდებდა ჩვენს გაფრთხილებებს, უყურებდა განგაშს როგორც მელოდრამასა და უაზრობას, ისინი უკრაინის საზღვრებთან შეუჩერებლად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ სამხედროსა და მასიური სამხედრო თავდასხმისთვის საჭირო შესაძლებლობებს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ. ამას მოკავშირეები და პარტნიორებიც ხედავენ”, – თქვა ბლინკენმა. 

ბლინკენმა ასევე რუსეთს მოუწოდა რომ კრიზისის გადასაჭრელად დიპლომატია გამოყენებინა

“რუსეთს მხოლოდ ჩვენი ხმა არ ესმის. საერთაშორისო ხორა უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა. თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, ჩვენ შვებას მოგვგვრის, რომ რუსეთმა კურსი იცვალა და დაამტკიცა, რომ ჩვენი პროგნოზები არასწორი იყო. ეს ბევრად უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, ვიდრე ის კურსი, რომელზეც ახლა ვართ და საიმოვნებით მივიღებთ ჩვენს მიმართ არსებულ ნებისმიერ კრიტიკას “, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მომდევნო კვირაში ევროპაში შეხვედრას სთხოვს. მან ასევე წამოაყენა NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში რუსეთთან შეხვედრის ინიციატივები. 

“ამ შეხვედრებს შეუძლიათ გზა გაუხსნან მთავარი ლიდერების სამიტს დეესკალაციის კონტექსტში, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას უსაფრთხოების ჩვენს საერთო შეშფოთებებზე. როგორც ჩვენი ერების წამყვან დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ვცადოთ ყველაფერი დიპლომატიის წარმატებისთვის, არ დავტოვოთ არც ერთი დიპლომატიური ქვა გადაუბრუნებელი”, – თქვა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, თქვას, რომ აშშ ისტერიას დგამს. 

“რუსეთის მთავრობამ დღეს შეუძლია ყოველგვარი კვალიფიკაციის, ეკვივოკაციისა და არიდების გარეშე გამოაცხადოს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, [თქვან ეს] მკაფიოდ, ნათლად განუცხადონ მსოფლიოს და შემდეგ, ამის დემონსტრაცია მოახდინონ ჯარისკაცების, ტანკების, თვითმფრინავების ანგარებში დაბრუნებითა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დიპლომატების გაგზავნით. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ეხსომება ეს მონდომება, ან ამაზე უარის თქმა”, – შეაჯამა სიტყვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.