დღეს გვინდა გესაუბროთ, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ, სოციალურ ქსელში ზეაქტიურ და სკანდალურ დომენიკ მანგოს შესახებ. საქართველოსთვის უცხო და ტაბუდადებულ თემებზე ხმამაღალი საუბრით იგი ხშირად ექცეოდა ყურადღების ქვეშ. დღეს დღეისობით იგი ძირითადად ქველმოქმედებით და კრიპტოვალუტის თრეიდით არის დაკავებული.

ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე დომენიკს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ძლიერი იმუნიტეტის წყალობით ამჯამად იგი თავს ჯანმრთელად გრძნობს და ჩვეულ ფორმაშია, თვითიზოლაციაში მყოფი დომენიკისგან, ონლაინ რეჟიმში ჩავწერეთ ინტერვიუ.. ერთად გავიცნოთ ახლიდან უცნობი დომენიკ მანგო..

გამარჯობა, როგორ ახსნით ფსევდონიმს “დომენიკ მანგო”?

დომენიკო არის გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი”-ს გმირი, ჩემთვის საყვარელი გმირია, ხოლო მანგო ტკბილ-მწარე, გარდამავალი გემოს მქონე ხილია, რომელსაც ვამსგავსებ ჩემს ხასიათს. ეს სახელი ჩემთვის ჩემს პიროვნებაზე ყვება.

თქვენი დამოკიდებულება სარწმუნოებასთან და საპატრიარქოსთან დიდ აჟიოტაჟს იწვევს საზოგადოებაში, ხშირად გლანძღავენ…. გქონიათ თუ არა რომელიმე სასულიერო პირთან ამ თემაზე საუბარი? და თუ ყოფილა ისეთი პირი (სასულიერო წარმომადგენელი) რომელიც დათანხმებია თქვენს აზრს, თქვენთან საუბრის შემდეგ?

პატრიარქი არც ყოფილა და არც არის ქრისტიანი. მოინანიოს თავისი ცბიერება და ღარიბი ხალხის რწმენის ხურდებში დახურდავება. მოინანოს ქრისტეს სახელით შეძენილი ყველა სიმდიდრე და მხოლოდ მაშინ შეძლებს, რომ ქრისტიანობას მიუახლოვოს საკუთარი სინანული. მანამდე ის იქნება ძლიერი პოლიტიკოსი და ცბიერი, ფარისეველი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ სასულიერო პირი არ ვუწოდოთ იმ ადამიანს, ვინც ქრისტეს ეკლესია ქვის შენობებად და მომხვეჭელობად გადააქცია. ისინი არიან მღვდლები, იგივენი, ვინც თავად გააკრა ჯვარს ქრისტე. ჩემთვის არცერთი “მამაოდ” წოდებული არ არის ქრისტიანი, ვინაიდან ბიბლიაში წერია, მამა მხოლოდ ღმერთს უწოდე შენსასო. ისინი არიან ამასოფლის ღმერთის როლის მოთამაშე, ქრისტიანობის გამაუკუღმართებელი ადამიანები და მე მათ ყოველთვის ვამხელ, სანამ ცოცხალი ვიქნები. ვერცერთი მღვდელი ვერ დამეთანხმება, რადგან მაშინ მოუწევთ ანაფორის გახდა. ქრისტიანობა არ არის ანაფორაში, ის დახეულ და შილიფად ჩაცმულ ადამიანებშია. რამდენად ბევრიც არ უნდა ილაპარაკონ მრავალსიტყვიანობით, საქმეებით მხილდებიან ისინი. ამიტომ ჩემთვის საერთოდ სხვა სამყაროა ქრისტიანობა, მათი რიტუალები კი მხოლოდ სიბრაზეს იწვევს ჩემში.

პირველ თქვენს ლაივს ძალიან დიდი გამოხმაურება და ლანძღვა-გინება მოჰყვა, ელოდით ამ ყველაფერს?

კი. ზოგადად საქართველოში ნაბიჯის გადადგმა არის შეუძლებელი, რომელ გზაზეც არ გაგინებენ. ეს ქვეყანა ისეთი დასახიჩრებული ეთიკის ხალხითაა დასახლებული, რომ გინების გარეშე აზრის გამოთქმა არ შეუძლიათ. ერთერთი ჩემი პერფორმანსიც ამას ეძღვნებოდა “თუ ერთმანეთს აგინებთ, მაშინ პატირარქს რატომ არ აგინებთ?” ვერ გაიგეს. ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო, როცა საზოგადოებას ეხები, რა თქმა უნდა ისინი რაც რა თქმა უნდა ისინი რაც იციან იმით გიპასუხებენ და რა იციან მათ ყველაზე კარგად? გინება. ამ მოტივებზე გაზრდილი ხალხია – როგორც ამბობენ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს.

როდის გაგიჩნდათ პირველი ვიდეოს ჩაწერის იდეა?

პირველი ვიდეოს ჩაწერის იდეა გერმანიაში გამიჩნდა. როდესაც ადამიანი მოწყვეტილი ხარ საკუთარ ქვეყანას, მაშინ განსაკუთრებით მძაფრად განიცდი იმ ემოციებს, რასაც შენი ქვეყანა და საზოგადოება ბადებს. მეც ამოვიღე ტელეფონი და ჩავწერე პირველი ვიდეო, მეორე დღეს კი 400,000 ნახვა ჰქონდა ამ ვიდეოს. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოსთვის საჭირო იყო მძაფრი კრიტიკა, რადგან ხალხი თავად იწოვდა ამ კრიტიკას.

რატომ გადაწყვიტეთ გერმანიაში წასვლა ?

არ დამიგეგმავს. სამოგზაუროდ ჩავდიოდი ხშირად გერმანიაში, მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა ვიზა ლიბერალიზაცია და შესაბამისად ყოველ ჯერზე ვიზის აღება მიწევდა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას, დამაგვიანდა აეროპორტში და ვიზის დროს გადავაცილე. აეროპორტშივე გადავწყვიტე სპონტანურად, რომ დავრჩენილიყავი.

იყო თუ არა თქვენი მიზანი პოპულარობა?

საწყის ეტაპზე ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი ემოციები ამომეღო ბოლომდე და რაც კი წყენა მქონდა დაგროვებული საქართველოს შესახებ, ყველაფერი ხმამაღლა მეყვირა. შემდეგ, როდესაც უკვე ფართო აქტივობები დავიწყე, რა თქმა უნდა პოპულარობა აუცილებელიც იყო იმ საქმეების განხორციელებისთვის, რასაც შევეჭიდე. ვერ დაამკვიდრებ საზოგადოებაში ახალ მიდგომებს, თუ ხალხამდე ხელი არ მიგიწვდება. ბევრჯერ შეეცადნენ ჩემი ხმის ჩახშობას, თუმცა ასე არ მოხდა.

რატომ დაბრუნდით საქართველოში ?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მენატრებოდა და ემოციურად ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა ჩემზე ის ფაქტი, რომ ჩემს ქვეყანაში ვერ ჩამოვდიოდი. მეორე იმიტომ, რომ ხალხს მიაჩნდა, საქართველოში იმიტომ ვერ ჩამოვდიოდი, რომ მეშინოდა. იქ 2 წლის მანძილზე რაც კი შევიძინე, დაწყებული მეგობრებით და გაგრძელებული ყოფა-ცხოვრებით, უცებ, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მივატოვე. ჩავალაგე პატარა ჩანთა, გამოვიხურე კარი და სახელმწიფოს გაფრთხილების გარეშე ჩამოვედი საქართველოში.

თქვენი აზრით პოპულარობას მიაღწიეთ?

თუ გვერდის ანალიტიკის მიხედვით ვიმსჯელებ, გამოჩენიდან დღემდე ჩემი გვერდი 1,000,000 ადამიანს არ ჩამოსცდენია თვის მანძილზე. ამჯერად ჩემი ხმა ფარავს 1,500,000 ადამიანს თვეში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ქალაქსა თუ სოფელში ისმენს ჩემს ხმას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული ვარ.

იმ დროს რომ დავუბრუნდეთ როდესაც პირველი ლაივი ჩაწერეთ … კვლავ ჩაწერდით თუ არა?

ამ ასაკში აღარ. ახლა 27 წლის ვარ, მაშინ 22 წლის ვიყავი. მაშინ სხვა ტალღებზე ვიყავი, იმ მიზნით რომ ამერეკლა ხალხი, თავს ვაგინებინებდი ადამიანებს. ახლა ამ დონეზე აღარ გავუყადრებ თავს არავის და შესაბამისად არ ჩავწერდი. თუმცა ძალიან საჭირო იყო ის რაც იყო, რადგან ეთიკის ჩარჩოში მოექცა ე.წ “ჯუმბერობა”. ახლა თუ დააკვირდებით, მინიმუმამდეა ჩამოსული ასეთი ტერმინოლოგიით მეტყველება. თავს არ ვიქებ, მაგრამ ამ ქცევის ჩარჩოში მოქცევა და საჯაროდ გმობა ნამდვილად მოვახერხე.

უმაღლესი განათლება მიღებული გაქვთ?

არა, კლასიკური გაგებით უდიპლომო და შესაბამისად გაუნათლებელი ვარ, თუმცა ჩემთვის ყოველი დღე ახლის გაგებას ნიშნავს. თანამედროვე სამყარო საშუალებას იძლევა ფურცლით დამტკიცებული ცოდნის გარეშეც ისწავლო და გქონდეს წარმოდგენა ბევრ თემაზე.

მხოლოდ ფეისბუქ ლაივებით ხართ დაკავებული თუ გაქვთ რაიმე სხვა სფერო სადაც საქმიანობთ ?

არა, რა თქმა უნდა. კრიფტო ვალუტით ვარ დაინტერესებული, უკვე წელიწადნახევარია მსოფლიო ბაზარზე კრიფტო ვალუტით ვთრეიდობ. რამდენჯერმე მცდელობა მქონდა, რომ საქართველოშიც შემომეტანა ცოდნა ამ თემაზე, თუ რა საშუალებებს იძლევა თანამედროვე სამყარო. სხვათა შორის რამდენიმე ახალგაზრდამ დიდ წარმატებასაც მიაღწია ამ სფეროში.

თქვენი ჰობი?

ზოგჯერ მუსიკას ვწერ, ზოგჯერ ჩანახატებს. ბოლო დროს ფილოსოფიით და ფსიქოლოგიით ვარ დაინტერესებული.

ოგორია თქვენი შეხედულება საკუთარ თავზე?

ზოგჯერ მეტისმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და თავს საერთოდ არარაობად ვაცნობიერებ, ზოგჯერ კი როდესაც საქმეებს გადავხედავ, ისევ მიბრუნდება ნორმალური თვითშეფასება. ისე კი ყველაზე კრიტიკული თავად მე ვარ საკუთარი თავის მიმართ. არაფერს არ ვნანობ, ბევრს ჰგონია, რომ რაღაცაების გამოსწორებას ვცდილობ, არა და ასე არაა. სხვებისგან განსხვავებით მეზობლის შიშით არ გავჩუმებულვარ და ჩემი ახალგაზრდული სიგიჟეები საკუთარ თავში არ დამიმარხავს.

თქვენი აზრით რა იწვევს თქვენს მიმართ აგრესიას საზოგადოებაში?

აღარ იწვევს. ადრე მე ამ საზოგადოებას ყველაზე მტკივნეულ წერტილში დავარტყი, სადაც “რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ” ისმოდა. თავზე დავამხე დაჭაობებული ტრადიციები და გაუკუღმართებული რელიგია. ვუმხილე ქრისტეს სახელით მოვაჭრე ეკლესია, ძვირფასეულობებით თავმომწონე მღვდლები და მაღალი იერარქიის “სასულიერო” პირები. მე როცა ხმა ამოვიღე პატრიარქზე, ტაბუირებული იყო ეს თემა და ვერავინ ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, ახლა კი ყოველი მეორე თუ არა, მესამე მაინც ბედავს ქრისტეს სახელით გამდიდრებულებზე ხმის ამოღებას. შარშან აღდგომას მთელი საქართველოს მასშტაბით დავარიგე ახალი აღთქმა და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს რა არის ნამდვილი ქრისტიანობა, რომ ის რაც ამ ქვეყანაში იყო, არის მხოლოდ ქრისტეს სახელს ამოფარებული მომხვეჭელების და ლაჩარ-ვაჭრების თარეში. ავირეკლე ამ საზოგადოების უკულტურობა, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. როგორი მოუვლელი, დაბინძურებული და ენობრივად დაბინძურებულია ჩვენი ქვეყანა თუ საზოგადოება. შესაბამისად მაგინებდნენ, რადგან ვერავინ აღიარებდა, რომ ეს ასეა და არის ასე. ახლე ბევრი ხვდება ძალიან.

როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ მასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდეთ?

თავისუფალი. შინაგანად უნდა იყოს ლაღი, ღია და გახსნილი. ყოველთვის შორს ვიჭერ თავს იმ ადამიანებისგან, ვინც თვითონაც ჩაკეტილია და ჩემზეც ავრცელებს ამ დაძაბულობას. სულ ვცდილობ გავლენების ქვეშ არ მოვექცე და არ დავკარგო საკუთარი თავი. სადაც ვგრძნობ, რომ თავს ვკარგავ და სხვისი გავლენის ქვეშ ვექცევი, იმ ადამიანს ვერიდები და ვდისტანცირდები.

ბევრი მეგობრები გყავთ?

გააჩნია როგორ მეგობარს გულისხმობთ. თუ “მეგობარს”, მაშინ ძალიან ბევრი და თუ მეგობარს, მაშინ მხოლოდ ერთი. ისე კი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არის ადამიანი, რომელიც დიდი სიყვარულით მელოდება და ამის გამო ცამდე ბედნიერი ვარ, თუმცა მეგობრობა მაინც სულ სხვა სიღრმის მქონე მცნებაა.

ცხოვრებაში გადაგიდგავთ ისეთი ნაბიჯი რაც შემდეგ გინანიათ ?

არა. არცერთ ნაბიჯს არ ვნანობ ცხოვრებაში, საერთოდ არცერთს. მე ბევრი განსაცდელი მაქვს ცხოვრებაში გამოვლილი, იყო დრო, როდესაც გერმანიაშიც კი ჩამომაკითხეს და მოსაკლავად დამდევდნენ, თუმცა მაინც არცერთ ნაბიჯს არ ვნანობ. ყველაფერი რაც მიქნია, იყო გულწრფელი, სულიდან და გულიდან წამოსული სიბრაზე და მე ძალიან მიყვარს ჩემი გულწრფელობა. თუ ეს ვინმემ ვერ გაიგო და ქაჯივით მდია, ეს მისი პრობლემაა. ახალგაზრდა, მდუღარე ენერგიით აღსავსე გიჟი ვიყავი და ვარ და მე ძალიან მეამაყება ჩემი თავი.

გქონიათ ქართველებთან ან ქართველთან ისეთი დაპირისპირება რომელიც შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაზრდილა?

არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ სულ გზაში ვარ და საქართველოში კუთხე არ არსებობს, სადაც ნამყოფი არ ვარ, ერთი შემთხვევის გარდა არსად არ ყოფილა სიტყვიერი წინააღმდეგობაც კი. ერთადერთხელ იყო ზესტაფონში, ვიღაცამ წამოიყვირა და მალევე დალაგდა სიტუაცია. 3 წელიწადში მხოლოდ ეს შემთხვევაა ნეგატიური.

ანუ ვიდეო სადაც თქვენზე ფიზიკურად ძალადობენ დადგმულია.

კი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე დიდი და ღრმა კონცეფტის მქონე პერფორმანსია. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში და ყველას ჰქონდა შინაგანად სურვილი, რომ ვინმეს ან ვეწამებინე და ან მოვეკალი. ხო და მეც მივეცი ხალხს რაც უნდოდა. როცა ეს პერფორმანსი გავაკეთე, რამდენიმე საათში დამადგა თავზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სანამ არ დარწმუნდნენ, რომ კარგად ვარ, იქამდე არ მომეშვნენ. შემდეგ გამოვედი და ხალხი ისევ სარკეში ჩავახედე “გაგიხარდა ქართველო? იპოვე შენი მკვლელი თავი?” იყო ჩემი პასუხი იმ ხალხს, ვისაც გაუხარდა ვინმეს წამება. მოტივი ისევ ქრისტიანული იყო, რომ ცოდვილია ეს საზოგადოება. ცოტა ხანი ვაზეიმე, მერე ისევ საკუთარი თავი დავუყენე წინ.

ძვირიან საჩუქრებს იღებთ ხოლმე? რომელ საჩუქარს გაიხსენებდით რომელმაც ძალიან გაგახარათ და ვისგან იყო ეს ?

საჩუქარი რომელიც ყველაზე მეტად მახსენდება, ეს არის ანაფორა. უძვირფასესი ანაფორაა, ხელით ნაქარგი. ლურჯ ფერში გაწყობილი, ოქროს ნაქარგებით. თუ სწორად მახსოვს 800$ ღირდა. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირიანი და ჯერჯერობით გამოუყენებელი საჩუქარი. სამომავლოდ ალბათ გამოვიყენებ რამე პერფორმანსში.

ცოტა ხნის წინ თქვენ ეთერში გააჟღერეთ, რომ თბილისში ბინა გაჩუქა სრულიად უცხო ადამიანმა , ამას ემატება თქვენი ლაივ ვიდეოები ჩვენი ქვეყნის დღევანდელი რეალობის პროტესტის ნიშნად, ვფიქრობ ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს საზოგადოებაში. გულახდილად მითხარით ხომ არ დგას თქვენს ზურგს უკან ადამიანი ვისაც აწყობს ეს ყველაფერი და ვის დავალებებსაც ასრულებთ ?

კი, ბინა მაჩუქეს. მაშინ 18 წლის ვიყავი, ეს ძველი ამბავია და შესაბამისად ჩემს აქტივობებთან არანაირ კავშირში არაა. რაც შეეხება ვინმეს დგომას ჩემს ზურგს უკან, არავის არ აწყობს ჩემთან დგომა სინამდვილეში, რადგან ყველაზე მერყევი ადამიანი ვარ, მოვლენებთან ერთად ვცვლი ჩემს მიდგომებს და მითუმეტეს პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიში ვარ. ყველა პოლიტიკური ინტერესის მქონე წრეში დაბლოკილი ვარ. ყველანაირად ცდილობენ, რომ თავიდან ამირიდონ და არ გამომიწვიონ. რომ ვყოფილიყავი კარიერისტი, ალბათ ვისარგებლებდი კიდეც ჩემი ხმის სიმძლავრით, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ მითქვამს რამის გამო და ეს ყოველთვის ასე იქნება.

და ბოლოს რას ურჩევდით ქართველ ერს?

ქართველ ერს ვურჩევდი მეტ სექსს. რაც შეიძლება მეტ სექსუალურ თავისუფლებას და სითამამეს. ყველა დიდ და წარმატებულ ქვეყანაში არსებობს სექსუალური თავისუფლება, თუ სექსუალურად თავისუფალია საზოგადოება, ის მარტივად ვითარდება და თანხმდება ისეთ მინიმალურ ღირებულებებზე, რაზეც ქართველ ხალხში ჯერ კიდევ ბჭობაა. თუ დააკვირდებიან, იქ სადაც ადამიანები თავებს აჭრიან ერთმანეთს, უფრო მეტად ტაბუირებული და აკრძალულია სექსუალობა. ხოლო იქ სადაც ძლიერი საზოგადოებაა, განვითარებული და მოწინავე, სექსუალობა ღია და ჩვეულებრივი საკითხია. ამიტომ, მეტი სექსი ქართველებო!