ექიმებმა ახალშობილს სიკვდილი დაუდგინეს, თუმცა „მკვდრადშობილმა“ ბიჭმა დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე ტირილი დაიწყო, იუწყება Daily Mail-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის იურეგირის სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმებმა 32 წლის მელექ სერტსა და მის მეუღლეს — 34 წლის ჰასან სერტს განუცხადეს, რომ 2 იანვარს, ორსულობის მეხუთე თვეზე დაბადებული მათი ბიჭუნა ვერ გადარჩა.
მედიკოსებმა წყვილს გარდაცვალების მოწმობა მისცეს, სადაც ეწერა, რომ ქალს მუცელი მოეშალა. უფრო მეტიც, მას სპეციალური ჩანთაც კი გადასცეს ჩვილის დასამარხად.მამამ გადაწყვიტა, რომ ბავშვი დაეკრძალა, რისთვისაც საფლავიც კი გაათხრევინა. მაგრამ სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ახალშობილი მანქანაში მოულოდნელად ატირდა.
პატარა სასწრაფოდ დააბრუნეს საავადმყოფოში, სადაც ის ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.როგორც გაცოცხლებული ბავშვის დედა ამბობს, მან იმთავითვე იგრძნო, რომ ექიმებს რაღაც ეშლებოდათ. ამიტომ ქმარი სპეციალურად მიაგზავნა ექიმებთან მდგომარეობის გადასამოწმებლად. თუმცა მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ახალშობილი ნამდვილად მკვდარი იყო.ახლა შესაბამისი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმების მხრიდან დაუდევრობას.