ვილნიუსის სისხლიანი კვირა

31 წლის წინ, საბჭოთა არმია შეიჭრა ლიეტუვაში, შემდგომ განვითარებულ მოვლნების გამო კი ისტორიაში შევიდა, როგორც “ვილნიუსის სისხლიანი კვირა”. მოვლენებს სოციალურ ქსელში იხსენებს ზურაბ ბატიაშვილი:

ზუსტად 31 წლის წინ, 1991 წლის 9 იანვარს, საბჭოთა კავშირმა დაიწყო სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილების შეყვანა ლიეტუვაში იმ მიზნით, რომ ჩაეხშო ამ ქვეყნის ახლადგამოცხადებული დამოუკიდებლობა.საბჭოთა ჯარებმა მალევე დაიკავეს სახელმწიფო დაწესებულებების უმრავლესობა.

1991 წლის 9 იანვარი ლიეტუვა

საპასუხოდ, ათი ათასობით მშვიდობიანი ლიეტუველი გამოვიდა ქუჩებში დამოუკიდებლობის დასაცავად. 13 იანვარს საბჭოთა ჯარმა დაიწყო ვილნიუსის ტელეანძის შტურმი, რასაც 14 მშვიდობიანი ლიეტუველის სიცოცხლე შეეწირა (მათ შორის 2 ტანკმა გასრისა). დაჭრილთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. მოსახლეობამ პარლამენტის დასაცავად ბარიკადების აღმართვა დაიწყო.

საბჭოეთმა მისი შტურმი ვეღარ გაბედა (როგორც ჩანს, დიდი მსხვერპლის შეეშინდა) და უკან დაიხია. როდესაც ამ მოვლენის გამო საერთაშორისო არენაზე მოსკოვის კრიტიკა დაიწყო, ამ უკანასკნელმა ჩვეული ცინიზმით განაცხადა, რომ ცეცხლი პირველად დემონსტრანტებმა (რომლებსაც იარაღი არ ჰქონდათ!) გახსნეს. ეს მოვლენები ისტორიაში შევიდა “ვილნიუსის სისხლიანი კვირის” სახელით და იგი ლიეტუველებისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის 9 აპრილი.საბოლოოდ, ყველაფერი ლიეტუვას დამოუკიდებლობით დასრულდა.ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!