ზელენსკიმ ისრაელი უმოქმედობაში ამხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელი უმოქმედობაში ამხილა. ზელენსკიმ ებრაელების დევნა და უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი ერთმანეთს შეადარა.

„ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოში და სრულიად განსხვავებულ პირობებში ვართ, მაგრამ ერთი საფრთხე გვაქვს – ერის, სახელმწიფოს, კულტურისა და სახელის ტოტალური განადგურებაც კი.

მინდა 24 თებერვლის შესახებ დაფიქრდეთ, როდესაც უკრაინა რუსეთში შეიჭრა. ეს დღე ისტორიაში ორჯერ შევიდა და ორივეჯერ, როგორც ტრაგედია უკრაინელებისა და ებრაელებისთვის. 1920 წლის 24 თებერვალს გერმანული ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტია შეიქმნა, პარტია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სახელმწიფოები გაანადგურა. 102 წლის შემდეგ, ასევე 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ბრძანება გაიცა. ამ შემოჭრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად აქცია. ჩვენი ხალხი ახლა მთელ მსოფლიოშია მიმობნეული. ისევე ეძებენ უსაფრთხოებას, როგორც ოდესღაც თქვენ ეძებდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ისრაელის პარლამენტს მოუწოდა კრემლის განცხადებებს დაუკვირდნენ, რადგან რუსეთი იმ ტერმინებით საუბრობს, რომლებიც ნაცისტური გერმანიის განცხადებებში დომინირებდა.

„ამ განცხადებებში ის ტერმინები ისმის, რომელიც ნაცისტური გერმანიის განცხადებებში ისმოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამას „ებრაელების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას“ უწოდებდნენ. ახლა კი კრემლში ამას „უკრაინული საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას“ ეძახიან. ისრაელელებო, თქვენ ნახეთ როგორ მოხვდა რუსული რაკეტები (ჰოლოკოსტის ძეგლს) ბაბიი იარს, სადაც ჰოლოკოსტის 100 ათასზე მეტი მსხვერპლია დაკრძალული. პირველივე დღეებში რუსული ჭურვები ქალაქ უმანს მოხვდა, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ებრაელი სტუმრობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით ისრაელს მძლიერი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა და იარაღი აქვს, თუმცა უკრაინას ჯერაც არ დახმარებია და არც სანქციები აუმოქმედებია.

„მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, დღემდე რატომ გვიწევს მთელ მსოფლიოს დახმარების თხოვნით მივმართოთ, თქვენც კი ვიზის მისაღებად მოგმართავთ? გულგრილობა კლავს, გათვლები ხშირად მცდარი შეიძლება იყოს, შუამავლობა კი მხოლოდ ქვეყნებს შორის შეიძლება და არა სიკეთესა და ბოროტებას შორის. თითოეულმა იცის, რომ თქვენი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა მძლავრია, თქვენი იარაღი ძლიერია, თქვენ თქვენი ერის ინტერესების დაცვა შეგიძლიათ და თქვენ დღეს უკრაინელების სიცოცხლის დაცვა შეგიძლიათ – უკრაინელი ებრაელების.

დაუსრულებლად შემიძლია დავსვა კითხვები – რატომ აქამდე არ მოგვეცით იარაღი, ან სანქციები რატომ არ აამოქმედეთ? მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია. ახლა თქვენ არჩევანის საშუალება გაქვთ“, – მიმართა ისრაელელ პარლამენტარებს უკრაინის პრეზიდენტმა.